14.მარტი .2020 14:29

საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

views 2295
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც გამყრელიძის განმარტებით,2 დაკავშირებულია ირანთან, ერთი ესპანეთთან, დანარჩენი 27 კი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

„30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა და აქედან დღეის მდგომარეობით გვაქვს ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილას დადასტურდა 5 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთი - ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი 27 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას. აქედან 12 შემთხვევა უკავშირდება იტალიასთან მოგზაურობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა. ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

რადგან მესამეული გადაცემა გვაქვს, მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი სოლიდარობა. ამიტომ მოვუწოდე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დაიცვან ის წესები, რასაც სახელმწიფო ავრცელებს. მაშინ გაცილებით ნაკლები გვექნება შიდა გავრცელების საფრთხე.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას, მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა არ წარმოადგენს საფუძველს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისა. ეს ხდება მაშინ, როცა ხდება ანალიზი მრავალი ფაქტორის და გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი ხელისუფლება“-აცხადებს ამირან გამყრელიძე.