მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ის ეკონომიკური ვარდნა წინასწარ შეფასებულზე მძიმე იყო და 6.2% შეადგინა

60586b4c25726
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 19:26
1123
დღეს საქსტატმა 2020 წლის ეკონომიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 49.4 მილიარდი ლარი იყო და ის წლიურ ჭრილში 6.2%-ით შემცირდა. საქსტატის ახალი შეფასება უფრო მაღალ ეკონომიკურ ვარდნას აჩვენებს, ვიდრე წინასწარი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გასული წლის ეკონომიკური შემცირება 6.1% იყო.

ასეთი დიდი ვარდნა საქართველოს ეკონომიკას 1994 წლის შემდეგ, მათ შორის არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არ ჰქონია. ამ ვარდნის მთავარი გამომწვევი მიზეზი COVId-19-ის ეკონომიკური შოკი და ქვეყანაში ორჯერ გამოცხადებული ლოქდაუნი იყო.

ცალკეული სექტორების მიხედვით, გასულ წელს ბრუნვის ყველაზე დიდი ვარდნა სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დაფიქსირდა, რაც პანდემიურ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. დარგის ზომა გასულ წელს 37.9%-ით შემცირდა და მისმა ბრუნვამ მხოლოდ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ვაჭრობის სექტორში კლება 5.6% იყო, სამშენებლოში - 4.7%, ტრანსპორტის სექტორში კი 22.3%.

ეკონომიკის სექტორები, რომელთა მოცულობა 2020 წელს შემცირდა:

● სასტუმროები და რესტორნები - -37.9 %;
● ტრანსპორტი და დასაწყობება -  -22.3 %;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - -18.9 %;
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - -18.4 %;
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა -  -11.1 %;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - -7.4 %;
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - -5.6 %;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - -5 %;
● მშენებლობა - -4.7 %;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - -0.7 %;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - -0.1 %;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 0 %;

რაც შეეხება სხვა სექტორებს, ყველაზე მაღალი 7.9%-იანი ზრდა ჯანდაცვის სფეროში დაფიქსირდა, შედეგად სექტორის მოცულობა 2 მილიარდი ლარი გახდა. ასევე 1.5%-ით გაიზარდა სამთომომპოვებელი ინდუსტრიის ბრუნვაც.

ეკონომიკის სექტორები, რომლებიც 2020 წელს გაიზარდა:

● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1.5 %;
● განათლება - 3.1 %;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 3.6 %;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 7.9 %;

2021 წლის იანვარში ეკონომიკური ვარდნა 11.5% იყო. თებერვალში მშპ-ის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კი ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში 4%-იან ზრდას პროგნოზირებს.