მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ტრდელნიკების გაძვირება გარდაუვალი იქნება“ – “Lumier’s Chimney Cake”

63db8aef3e6fa
თინათინ ნატმელაძე
02.02.23 23:55
737
ინფლაციის გამო „Lumier’s Chimney Cake”-ი ტრდელნიკებს გააძვირებს. კომპანიის დამფუძნებელი ემილ კურბანოვი BM.GE-თან ამბობს, რომ 2022 წელს პროდუქციის ფასი ერთი თეთრითაც არ გაუძვირებიათ, მაგრამ მიმდინარე წელს, ტრდელნიკების ღირებულების ზრდა გარდაუვალი იქნება.

„ინფლაცია ძალიან დაგვაწვა, გაგვიძვირდა ყველა სახის პროდუქტი - შაქარი, ფქვილი, კვერცხი, მაგრამ არ მივყვებით ტენდენციას, რომ რადგან ყველაფერი გაძვირდა ჩვენი პროდუქტიც უნდა გაძვირდეს, ჩვენი მიზანია, ყველა მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, ამიტომ საკითხს ძალიან ფრთხილად ვუდგებით. გვინდოდა, რომ 2022 წელი ფასის ზრდის გარეშე დაგვესრულებინა, რაც გამოგვივიდა და ტრდელნიკების ფასი ერთი თეთრითაც არ გაგვიძვირებია.

რაც შეეხება 2023 წელს, მიუხედავად იმისა, რომ დოლარი და ევრო შედარებით დასტაბილურდა, ფასები ისევ იზრდება, ამიტომ, ვფიქრობთ, წელს ჩვენი პროდუქტის ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. ეს საკითხი ძალიან დიდი გამოწვევაა,“ - განმარტავს „Lumier’s Chimney Cake”-ის დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ემილ კურბანოვმა თქვა, რომ მიმდინარე წელს ორი ფილიალის გახსნას უკვე ბათუმში გეგმავენ.

„ქუთაისის ფილიალმა დაგვარწმუნა, რომ დედაქალაქის გარეთ ფილიალის გახსნას არამხოლოდ იქ მოაქვს კარგი შედეგი, არამედ თბილისში მოთხოვნასაც ზრდის, ამიტომ მიმდინარე წელს ახალი ფილიალების დამატებას ვგეგმავთ. ორ ფილიალს ბათუმში გავხსნით, რისთვისაც 100 000 დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. თბილისში უფრო მეტად „ისთ ფოინთის“ ტერიტორიით ვართ დაინტერესებული, აქაც ერთი ფილიალის გახსნა 50 000 დოლარი ჯდება. ფართი დიდი არ გვჭირდება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ევროპული დანადგარები შევიძინოთ, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მომხმარებლების აქტივობა ძალიან მაღალია, მაგალითად, თბილისში, პუშკინის ფილიალში ადგილობრივების და ტურისტების რაოდენობა 50-50-ზეა, ხოლო ჭავჭავაძის ფილიალში 80% ქართველები არიან. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ის ტრდელნიკები, რომელიც პრაღაში მზადდება, ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო,“ - განაცხადა ემილ კურბანოვმა.

შეგახსენებთ, რომ „Lumier’s Chimney Cake” ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებს 10 სხვადასხვა შიგთავსის ტრდელნიკს სთავაზობს, რომლის ღირებულება 7-11 ლარს შორის მერყეობს.