მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$340 მლნ-იანი ინვესტიცია ფოთის თიზ-ში - პროექტის განხორციელება იწყება

61ced82208d0d
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.21 18:10
5848
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობის კოქსის კალცინირების ქარხნის მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება. 340 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების შესახებ კომპანია „აზა კარბონმა“ სახელმწიფოსგან გარემოს დაცვის ნებართვა რამდენიმე დღის წინ მიიღო და როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მმართველმა პარტნიორმა დავით დოლიძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება. მისი განხორციელების შედეგად კი 150 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

პროექტის ფარგლებში დამუშავებული კონცეფციის თანახმად, წლიურად ერთიდაიგივე წარმადობის ორი ხაზით 740 ათასი ტონა ნედლი ნავთობის კოქსის გადამუშავებაა დაგეგმილი. ნედლეულის მოწოდება კი მსოფლიოს სხვადასხვა ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ განხორციელდება. წლიურად, დაახლოებით, 500 ათასი ტონის ოდენობით კალცინირებული კოქსი უმთავრესად ნედლეულის სახით ანოდისთვის ალუმინის წარმოებაში, ელექტროლიზის პროცესში გამოიყენება.

„პროექტზე მუშაობა 3 წელია რაც დავიწყეთ და გერმანელების მიერ პროექტის შემუშავების შემდეგ, დაახლოებით, 1.5 წელი გარემოს დაცვის ნებართვას ველოდით. დღეს ნებართვა უკვე მიღებული გვაქვს და მშენებლობისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს ახალი წლიდან დავიწყებთ. პროექტის განხორციელებისთვის გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, ამის შემდეგ კი ქარხნის მშენებლობისთვის 27 თვეა გაწერილი. ქარხანა მსოფლიოში კალცინირების ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის და მაქსიმალური საბაზრო წილის მქონე ლიცენზიარის, METSO OUTOTEC USA INC. ლიცენზიით შენდება“, - ამბობს დავით დოლიძე.

მისივე ინფორმაციით, ნავთობის კოქსის კალცინირზე მოთხოვნა მსოფლიოში ძალიან დიდია.



„ქარხანაში წარმოებული პროდუქტს, ძირითადად, ალუმინის მწარმოებლები მოიხმარენ. მზარდი გლობალური მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტზე და რეგიონში ასეთი წარმოების პირველად დაარსება პროექტის განხორციელების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ალუმინზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, ნავთობის კოქსის კალცინირის ფასიც იზრდება. ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომელთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი ჩვენს ქარხანაში წარმოებული პროდუქტის გატანასთან დაკავშირებით, შესაბამისად წარმოებული პროდუქტის რეალიზება შეუფერხებლად განხორციელდება“, - განაცხადა დავით დოლიძემ.

რაც შეეხება პროექტის ინვესტიციას, „აზა კარბონის“ მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ პროექტის დაფინანსებაზე ინტერესი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო.

„პროექტის დაფინანსებით დაინტერესებულები არიან კანადელი ბიზნესმენები, რომლებიც ალუმინის წარმოებას მართავენ, ასევე ინდოელი ინვესტორი, რომელიც 8 ქარხანას მართავს და გერმანელი ინვესტორები. ამასთან, პროექტის თანადაფინანსებაში ჩართულია METSO OUTOTEC USA, რომელმაც ქარხნის პროექტირება მოახდინა. ზოგადად, ინტერესი ამ საინვესტიციო პროექტის მიმართ დიდია. ამასთან ქარხნის ამოქმედების შემდეგ ამონაგების მიღებას 5 წელიწადში იქნება შესაძლებელი, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია“, - უთხრა BM.GE-ის დავით დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქარხანა მხოლოდ ნავთობის კოქსის კალცინირის წარმოებას არ მოიცავს. დავით დოლიძე განმარტავს, რომ გერმანელი პარტნიორების მიერ შემუშავებული პროექტი ნავთობის კოქსის გადამუშავების შედეგად ელექტროენერგიის და წყალბადის წარმოებასაც შეძლებს.

"ქარხანის აშენებისა და წარმოების ამოქმედების შემდეგ "სიმენსის“ გენერატორები დამონტაჟდება, რომელიც წარმოებისას წარმოქმნილ ორთქლს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ქარხანაში გენერირებული მაღალი წნევის ნაკადი გამოყენებული იქნება 70 MW ელექტრობის გამომუშავებისთვის, რომლითაც შესაძლებელია 3 (სამი) მილიონი მ3 წყალბადის გამომუშავება“, - უთხრა BM.GE-ის დავით დოლიძემ.