მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$40 მლნ-ის ნაცვლად $23 მლნ - რატომ ვერ აითვისა საქართველომ მსოფლიო ბანკის დაფინანსება

5d9b28ce52f0b
ელენე გოგბერაშვილი
09.10.19 10:40
1263
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ 40 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ცვლილებები შედის.

სესხის თანხით გათვალისწინებული იყო ფართომასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურების და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა, ასევე შერჩეულ ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ცენტრების ქსელის განვითარება.

სესხის თანხა პროექტების განსახორციელებლად „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" გადაეცა. მთლიანი ბიუჯეტიდან დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 5,2 მილიონი დოლარია ათვისებული.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი შეფერხებით მიმდინარეობს, რის მიზეზსაც წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო გაწერილი.

„პროექტის ერთ-ერთი ქვეკომპონენტი მოიცავს ინტერნეტვაუჩერიზაციას, რომელიც პირდაპირ მიბმული იყო Open Net-ის პროექტზე, რომლის განხორციელებაც შეფერხდა და გათვალისწინებული ტერიტორიების დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ვერ განხორციელდა“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ ცვლილების თაობაზე.

შედეგად დაფინანსება 40 მილიონი დოლარიდან მცირდება 23 მილიონ დოლარამდე.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, 23 მლნ დოლარი მიემართება უფრო მეტად გრანტების გაცემის კუთხით და არა ტექნოპარკების მშენებლობისთვის და მათი აღჭურვისთვის. ინფრასტრუქტურის შექმნაზე კი, მხოლოდ 3 მლნ დოლარი იქნება მიმართული.