მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„75 მილიონით ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება“ - დეპუტატი მედიისთვის საგადასახადო შეღავათზე

62725f72ec549
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 15:57
626
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “ლელოს” მიერ მომზადებულ კანონპროექტს იხილავს, რომელიც მედიისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. ესტონური მოდელი მედიაზეც ვრცელდება და სხვა კომპანიების მსგავსად, რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

კომიტეტის სხდომაზე ზარქუამ ასევე თქვა, რომ ცვლილების მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტი, ჯამში, 75 მლნ ლარს დაკარგავს, რაც მოსახლეობისთვის მოკლებული დაფინანსებაა.

“ჩემთვის ეს კომპანიები ბიზნესსუბიექტებია, რომლებიც მოგებაზე ორიენტირებულები არიან. თქვენი გაანგარიშებით, ამ შეღავათით წლიურად, დაახლოებით, 25 მლნ ლარი ბიუჯეტმა უნდა დაკარგოს, რაც 3 წლის განმავლობაში 75 მლნ ლარს შეადგენს. ამ 75 მლნ ლარით ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება: მოსახლეობას რომ გვერდში დავუდგეთ, დახმარებები გავზარდოთ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. პრიორიტეტების ნაწილში მე ამას ვამჯობინებდი”, - ამბობს ირაკლი ზარქუა.

კანონპროექტი მედიასაშუალებების მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებას გულისხმობს. განმარტებითი ბარათის თანახმად, დაზოგილი თანხები შეიძლება მოხმარდეს დაგროვილი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას, ახალი ტექნიკური აღჭურვილობის ან/და პროგრამების შესყიდვას, თანამშრომელთა ტრეინინგს და სხვა.

“კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები, ცხადია, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას, თუმცა, არცთუ დიდი ოდენობით. გადარჩენილი სიკეთე - ქართული მედიის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქართულ დემოკრატიას, საქართველოს მოსახლეობას ბევრად მეტი უღირს, ვიდრე ის საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც ესოდენ მძიმე ტვირთად აწევს მედიას”, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-გან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტორონული მედია. განმარტებითი ბარათის თანახმადვე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაახლოებით 25 მლნ ლარს დაკარგავს.

“იმ სუბიექტების მიერ გადახდილი დღგ და მოგების გადასახადები, რომელთაც ეხებათ წარმოდგენილი კანონპროექტი ჯამში არის 24,935,499.4 ლარი. შესაბამისად, იმ დაშვებით, რომ ზემოაღნიშნული სუბიექტების შემოსავალი არ შემცირდება წინა წელთან შედარებით, სწორედ აღნიშნული მოცულობის მოგების გადასახადისა და დღგ-ს სახით გადახდილი თანხები მოაკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. რაც შეეხება მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ის შემცირდება 22,766,663.9 ლარის 19%-ის ოდენობით”, - წერია განმარტებით ბარათში.