მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ჯგუფი“: თუ საგადასახადო შეღავათი არ გაგრძელდა, გაგვიჭირდება ბიზნესის შენარჩუნება

5fac171d31520
ელენე გოგბერაშვილი
11.11.20 23:00
1533
ბიზნესი საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას ითხოვს. ოფიციალური წერილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს და ბიზნესომბუდსმენის აპარატს ჯერ კიდევ ოქტომბერში გაუგზავნა, მორიგი განცხადება კი დღეს გაავრცელა.

ბიზნეს გაერთიანება აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით  კიდევ 6 თვით უნდა გაგრძელდეს და სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე; (6 თვიანი შეღავათის ვადა ოქტომბრის ბოლოს ამოიწურა)

ასევე ასოციაცია ითხოვს, ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი. (საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადავადებულია მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე).

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები სრულად იზიარებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მოთხოვნებს. "აჭარა ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნინო ზამბახიძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუ მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერას არ გააგრძელებს, კერძო სექტორი ვერც თანამშრომლების და ვერც ბიზნესების შენარჩუნებას შეძლებს.

„მნიშვნელოვანია სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების ხელშეწყობა დღევანდელ დღეს. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეღავათები, თუმცა თუ ეს შეღავათები არ იქნა გაგრძელებული, კრიტიკული მდგომარეობა იქნება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. მნიშვნელოვანია საშემოსავლოს ჩამოწერა. რა შეღავათიც გვქონდა, რომ ჩამოგვეწეროს და 6 თვე გაგრძელდეს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქონების გადასახადის გადავადება, ისევე როგორც გადავადდა მიმდინარე წელს. თუ ასეთი ხელშეწყობა არ იქნება გაგვიჭირდება თანამშრომელთა შენარჩუნება, გაგვიჭირდება ბიზნესი შევინარჩუნოთ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაც დამაზიანებელი იქნება“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობის ადმინისტარციამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია, რომ პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი იყო მათ შორის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რომელიც შეეხება როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე კერძო სექტორს.