მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ტური": "კომენდანტის საათი" რომ არა, ტურისტების ორმაგი რაოდენობა გვეყოლებოდა

60cb1c88978a6
ინგა მურუსიძე
18.06.21 09:00
573
1 თებერვლიდან საქართველოს საჰაერო სივრცე გაიხსნა, 1 ივნისიდან კი - სახმელეთო და საზღვაო საზღვარი. ქვეყანაში პირველი ტურისტებიც უკვე გამოჩნდნენ, თუმცა როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უცხოელ ვიზიტორებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც ე.წ. კომენდანტის საათი, ისე 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტი.

როგორც bm.ge -ს ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა ირაკლი ლორთქიფანიძემ უთხრა, 2018-2019 წლებთან შედარებით ტურისტების ნაკადები 20%-ით არის აღდგენილი.

მისი თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდა მაისიდან დაიწყო და პიკს ივლის-სექტემბრის პერიოდში ელოდებიან.

„ივნისში უფრო მეტი ჩამოდის, ხოლო ივლის-აგვისტოში ველოდებით კიდევ უფრო მატებას. ძირითადად მოთხოვნა გვაქვს ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და არაბული ქვეყნებიდან. სახმელეთო საზღვრებს რაც შეეხება, მცირე ოდენობით შემოდიან ტურისტები რუსეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ხოლო ძირითადი ბირთვი ტურისტებისა, არის ისრაელიდან. სეზონის პიკს 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში ველოდებით“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ჯავშნების გაუქმების მთავარი მიზეზი არის კომენდანტის საათი.

„არც ერთ ტურისტს არ უნდა, რომ 23:00 საათიდან იყოს გამოკეტილი სახლში, ან სასტუმროს ოთახში, რომ არა ეს შეზღუდვა ალბათ ტურისტების ორმაგი რაოდენობა გვეყოლებოდა“, - აღნიშნა მან.

ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ წელს სექტორი 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-ით აღდგება.

რაც შეეხება შემოსავლებს და ტარიფებს, ირაკლი ლორთქიფანიძის განცხადებით, მაღალი კონკურენციის და შემცირებული მოთხოვნის გამო სასტუმროების მომსახურეობის ფასები შემცირდა, თუმცა გაზრდილია კვების ფასები, მაგრამ ჯამში ღირებულება ბალანსდება და მომსახურეობის პაკეტები თითქმის იგივე ღირს, რაც 2019 წლამდე ღირდა.