მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეწყდა - სონღულაშვილი მიზეზს განმარტავს

6020f9948442d
ინგა მურუსიძე
08.02.21 12:43
1035
საქართველოს X მოწვევის პარლამენტი „აგროტურიზმის შესახებ“ წინა მოწვევის პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას არ გააგრძელებს. გადაწყვეტილება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საქმე იმაშია, რომ დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა იმსჯელა წინა მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებულ იმ კანონპროექტებზე, რომელთა განხილვას ან გააგრძელებენ ან - არა. დავით სონღულაშვილის კომიტეტმა აირჩია ორი კანონპროექტი, რომელსაც სესიას წარუდგენენ, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა კანონპროექტი „აგროტურიზმის შესახებ“, რომლის განხილვაც უნდა გაგრძელებულიყო.

აღნიშნულ საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსირა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ. 

„მინდა დავაფიქსირო, რომ "აგროტურიზმის შესახებ" კანონპროექტში გაწერილი რიგი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის და აგროტურიზმის განვითარებისთვის; ამავე დროს ჩემთვის ცნობილია ის არგუმენტები, რომელთა გამოც დარგობრივი კომიტეტი ამ კანონზე მუშაობას ვერ გააგრძელებს. იმედი მაქვს, რომ როცა კანონპროექტს გადავამუშავებთ და შემოვიტანთ, მხარს დაუჭერთ“, - მიმართა ნინო წილოსანმა დავით სონღულაშვილს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა არგუმენტებს გულისხმობდა. 

თავის მხრივ, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლირიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ „აგროტურიზმის შესახებ“ კანონი აქტუალურია, თუმცა კომიტეტი შეიმუშავებს ტურიზმის შესახებ ახალ კანონს და აგროტურიზმის ნაწილიც მისი შემადგენელი იქნება.

„სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ასეთი ფორმით გაგრძელებულიყო ამ საკითხზე მუშაობა“, - დასძინა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციისთვის: მე-9პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 2020 წლის სექტემბერში დააინიცირა. კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებდა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევა იყო. მაშინ ინიციატორი კანონის 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებას ითხოვდა.