მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: სადეპოზიტო პორტფელის კლების განმსაზღვრელი კურსის გამყარება გახდა

60d9bb764ef10
ლიკა გურაბანიძე
28.06.21 22:00
667

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივნისისთვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 208.42 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

მაისში, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტები 48.25 მლნ ლარით შემცირდა, ანუ 0.29%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 160.16 მლნ ლარით, ანუ 0.85%-ით.

სებ-ის მონაცემებითვე, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა - 14.58% შეადგინა.

როგორც “საქმიან დილაში” “საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, სადეპოზიტო პორტფელის ძირითად ნაწილში კლების განმსაზღვრელი კურსის გამყარება გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

“აქვე უნდა ვთქვათ, რომ კურსის გამყარებამ ლარიზაციის პროცესზე პირდაპირ იმოქმედა და სადეპოზიტო პორტფელის შემცირება დაიწყო. აქ მეორე საკითხი იყო ის, რომ საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში შეიცვალა. უკანასკნელ პერიოდში ზრდა ძირითადად უცხოურ ვალუტაში განთავსებულ სადეპოზიტო პორტფელზე იყო და ამ მიმართულებით მომხმარებელმა უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო განთავსებებზე ინტერესი დაკარგა. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან ერთად ლარის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ივნისში შესამჩნევი იყო.” - განაცხადა ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, ასოციაცია დღეს ეკონომიკურ ზრდას და შემდგომი პროცესების განვითარებასაც საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს.

“მაღალი ინფლაციის ფონზე, ეკონომიკური ზრდაც საკმაოდ მაღალია და ეს რეალური ეკონომიკური ზრდაა. ბრუნვა გაიზარდა და 2020 ეკონომიკას რა ჩავარდნაც ჰქონდა, 2021 წელს ბუსტის სახე მიიღო და აღდგენა სწრაფად დაიწყო. მეორე მხარეს, მდგომარეობა გვაქვს, რომ დღეს საბანკო სისტემა საკმაოდ დიდია და მან მშპ-ს გაასწრო. პრობლემაა ის, რომ საფინანსო ინსტიტუტებში ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები და კრედიტის გამცემი ორგანოები ერთადერთი დაფინანსების წყაროა. კაპიტალის ბაზარი სამწუხაროდ განვითარებული არ გვაქვს. თუ დღეს თანხის მოძიებაზეა საუბარი, კომპანიები ცდილობენ ეს არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ განახორციელონ.” - აღნიშნა ძნელაძემ.