მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ პროგრამით მთავრობა თითქოს სინდისს იწყნარებს”- ჭიაბერაშვილი ემიგრანტების დახმარებაზე

606003c9b625d
ანა ჯოხაძე
28.03.21 16:22
1006
გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტრომ ემიგრანტების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა პროექტი უკვე წლებია ხორციელდება. 4000 ლარის ფარგლებში გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გრანტის მიღებას კი მათ მიერ წარდგენილი ბიზნეს პროექტი განაპირობებს, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში, კი შესაძლოა იმ 200-მდე ბენეფიციარს შორის მოხვდნენ, რომლებიც 4000 ლარიანი გრანტებით დაფინანსდებიან.

პროგრამას კრიტიკულად აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ამ პროგრამაში თანხები ფუჭად იხარჯება. მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ქვეყანაში ემიგრანტებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას, მინიმალური 4000 ლარიანი დახმარებით ცდილობს ემიგრანტების დაბრუნებას, რასაც საბოლოო ჯამში ეფექტი არ აქვს. არადა პროგრამაზე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ლარი იხარჯება.

“ამ პროგრამით ჩანს, რომ მთავრობა თითქოს სინდისს იწყნარებს, რადგან სადღაც ფურცელზე აღნიშნოს, რომ ემიგრანტებისთვის რაღაც პროგრამა არსებობს. არადა სინამდვილეში ის არც არაფერს წყვეტს. თუ 150 ბენეფიციარის დაფინანსება ხდება, საბოლოო ჯამში ვიღებთ, რომ საშუალოდ 600 000 ლარი გაიცა ემიგრანტებზე.

ამასთან, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ 600 000 ლარის გაცემაში ქვეყანამ ადმინისტრირებაში 300 000 ლარი დამატებით დახარჯა. ვხედავთ, რომ პრაქტიკულად უდიდესი ნაწილი ისევ ბიუროკრატიას მოხმარდება. არადა მაშინ, როცა ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა, შეიძლება გადასახადებიც დაწიო და ეს ფული საერთოდ არ ამოიღო ბიზნესიდან. ეს ფული ზუსტად იპოვის იმას, რომ სამუშაო ადგილებიც შეიქმნას და კარგი ეკონომიკური ზრდის პირობებში ემიგრანტებსაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ ჩამოვიდეს და აქ იპოვოს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება”-აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

ცნობისთვის, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორიელდება. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, ყოველწლიურად საშუალოდ 150 ბენეფიციარი სარგებლობს. წელს ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება, რაზეც ჯამურად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.