მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის კონსორციუმი" "კონტი ჯგუფს" პასუხობს - გადის თუ რჩება ამერიკელი ინვესტორი?

5db33443d86da
თელარა გელანტია
25.10.19 21:42
3117
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დამატებით განმარტებას აკეთებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ეხება Conti International-ის მონაწილეობას პროექტში.

კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც “კონტი ჯგუფი” უნდა გასულიყო პროექტიდან არ განხორციელდა, შესაბამისად, იგი რჩება აქციონერად.

იმის და მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ “კონტი ჯგუფი” კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ სჯერა მისი წარმატების," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს bm.ge-იმ "კონტი ჯგუფისგან" ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სპეციალური განცხადება მიიღო. კონტი ჯგუფი აცხადებს, რომ დღეს ქართულ მედიაში, ანაკლიის პორტში მათი შემდგომი მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "კონტი ჯგუფი" აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ანაკლიის კონსორციუმში არსებული 42%-იანი წილის გასხვისებას ცდილობს. 

"ამ წლის დასაწყისში კონტი ინტერნეშენელმა, კონტი ჯგუფის წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი. 

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება. 

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ "კონტის" პოზიცია უცვლელია. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას. 

ამდენად, "კონტი" შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის. 

"კონტის" ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. "კონტი" მზად არის კონსტრუქციული ურთიერთოებებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთან იმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ", - ნათქვამია "კონტი ჯგუფის" მიერ bm.ge-ისთვის გამოგზავნილ განცხადებაში.