მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი განმარტავს, რა მისწერეს 10 ოქტომბერს ცქიტიშვილის უწყებას

5da5b661cb0ab
ლიკა გურაბანიძე
15.10.19 16:20
1263
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, მათი მხრიდან 10 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილ წერილში ზუსტად არის აღწერილი, რა ქმედებები და რა ნაბიჯებია იმისთვის საჭირო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი წინ წავიდეს.

ახვლედიანის განმარტებითვე, ის ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ წერილი პორტის განვითარების გეგმას ან კონკრეტულ ხედვას არ ასახავს, არ ეთანხმება.   

„ჩვენ ხუთშაბათს რა წერილიც გავაგზავნეთ, ის იურისტების მიერ იყო დაწერილი და ჯერ ამ წერილის შინაარსს ვერ გავასაჯაროებთ. კონფიდენციალობის პუნქტის და ხელშეკრულების დარღვევის ნაბიჯს პირველები ჩვენ არ გადავდგამთ. მინდა გითხრათ, რომ წერილში ზუსტად არის აღწერილი, რა ქმედებები და რა ნაბიჯებია იმისთვის საჭირო, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას, იმის შესახებ, რომ წერილში შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით არაფერი წერია", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის: BMG-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსოცრიუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა წერილით, რომელშიც კონსორციუმი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორის დადგომაზე მიუთითებს და სახელმწიფოსგან პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობასთან დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.

დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კონსორციუმს 10 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის გასაჯაროვებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ფორს-მაჟორთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან მას კონფიდენციალობის მუხლი ზღუდავს. 

"მინდა გამოვეხმაურო კონსორციუმის მიერ, გუშინ 14 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებებს, რაც წარმოადგენდა მორიგ მცდელობას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. დიახ, 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების გეგმას ან კონკრეტულ ხედვას. მისი შინაარსი სამწუხაროდ, სრულიად განსხვავდება იმ შინაარსისგან, რაც გააჟღერა კონსორციუმმა. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების კონფიდენციალობის მუხლზე მითითებით, კონსორციუმმა შეგვიზღუდა, წერილის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების უფლება. სამწუხაროდ, ამავდროულად კონსორციუმმა თავად მოახდინა საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივმართავთ კონსორციუმს თავად გააჟღეროს და თავად წარმოადგინოს აღნიშნული წერილი.“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.