მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მგონია, საბანკო რეგულაციების გამარტივებამ დაფინანების კუთხით რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს"

5e5929447c625
ანა ლაპიაშვილი
29.02.20 12:45
966
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი საბანკო რეგულაციების გამარტივების შემდეგ ბაზარზე დაფინანსების კუთხით რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება.


“ჩვენ ვეცნობით ამ ცვლილებებს და საბოლოო აზრს მას შემდეგ ჩამოვაყალიბებთ, რაც საბოლოო ვერსია იქნება. დადებითია ეს ცვლილებები, მაგრამ არ მგონია, რომ ბაზარზე დაფინანსების კუთხით რადიკალური ცვლილება გამოიწვიოს - ამბობს bm.ge-თან ინტერვიუში არჩილ გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამასთანავე, განისაზღვრა საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი. დადგინდა ერთიანი ჭერიც - იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15 წელს. კიდევ ერთი ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვაა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით მოქალაქეებსა და ბიზნესებს 200,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ.

ამასთან, 2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანაზე - მის გამარტივებაზე მუშაობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ცვლილებების ამოქმედება 2020 წლის მარტიდან იგეგმებოდა.

2020 წლის პირველი მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ვეღარ ამოქმედდება. ამის შესახებ BMG-ის საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ბანკებსა და სებ-ს შორის კვლავ მიმდინარეობს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალ წესებზე მუშაობა.

"რეგულაციების საკითხი მოლაპარაკების ეტაპზეა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხები არ გვაქვს. პირველადი დრაფტი არის ცნობილი, მაგრამ არის გარკვეული კითხვები და ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ მარტში ამოქმედდება, მაგრამ პირველი მარტიდან სავარაუდოდ, ვეღარ ამოქმედდება, რადგან გარკვეული პერიოდი ბანკებისთვისაც აუცილებელია, რომ აღნიშნული ცვლილებების ასახვა მოახდინონ," - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

2019 წლის დეკემბერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ წარდგენილი ცვლილებებით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისთვის არსებული ოთხი საშემოსავლო კატეგორიის რაოდენობა ორამდე შემცირდებოდა.

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის დღეს არსებული ლიმიტები ასეთია (ჰეჯირებული მსესხებლისთვის):

1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
2. თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);
3. თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);
4. თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

როგორც ცნობილია 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას ასეთი სახე ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):


1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
2. თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ).

საშემოსავლო ჯგუფების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში სხვა ცვლილებებიც იგეგმება.

"2020 წლის მარტიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ რეგულაცია ფიზიკური პირების დაკრედიტების მიმართულებით და განვამტკიცოთ მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა. ჩვენ კომერციულ ბანკებს მივცემთ უფრო დიდ მოქნილობას იმ რისკების მართვაში, რაც ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება, მათ შორის ჩვენ ამისთვის შევამცირებთ საშემოსავლო საფეხურების რაოდენობას (PTI ჩარჩოებს/PTI ჯგუფებს). ჩვენ ამასთანავე დავნერგავთ რისკებზე დაფუძნებულ უფრო ჯანსაღ მოთხოვნებს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებით,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს ხელს.