მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AREA.GE უძრავი ქონების 5-17%-იან გაიაფებას ელის

5ebad103ed319
ინგა მურუსიძე
12.05.20 20:00
4051
"უძრავი ქონების ბაზარზე ფასების 5%-17%-იან შემცირებას ველოდებით" - ამის შესახებ bm.ge-ის AREA.GE -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა გაგუამ განუცხადა.

"Covid-19-ის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზრის მოლოდინები მკვეთრად გააუარესა. ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია, მაგრამ აუცილებლად ველოდებით, რომ ახლო მომავალში, როგორც კი, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება, მოთხოვნა კვლავ განახლდება. უძრავი ქონების საჭიროება ყოველთვის არის, თუნდაც ინვესტიციების კუთხით, რადგან უძრავი ქონება მომგებიანი აქტივია. გარდა ამისა, კვლევების მიხედვით, ყოველწლიურად დამატებით 7,000-9,000 ოჯახი საჭიროებს ბინას თბილისში“, - განაცხადა ანა გაგუამ.

მისივე თქმით, Area მჭიდროდ თანამშრომლობს დეველოპერულ კომპანიებთან და ამ მხრივ მათ უკვე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება - www.area.ge-ზე მომხმარებელს აქვს საშუალება, ერთ სივრცეში იხილოს ყველა დეველოპერის „ცხელი შეთავაზება“, რომელიც უკეთეს ფასსა და გადახდის სპეციალურ პირობებს ითვალისწინებს. 

„ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების კლება იქნება, ვინაიდან შემსყიდველუნარიანი მასა შემცირდება ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე. არ არის დასავიწყებებელი, ასევე, მეორადი უძრავი ქონების ბაზარი. აქაც საკმაოდ დიდი ტრანზაქციები ხორციელდება ხოლმე; 2019 წლის მონაცემებით, 60% მოდიოდა ახალ ქონებაზე და 40% - მეორადზე. ანუ ესეც საკმაოდ დიდი და აქტიური ბაზარია. ფასების კლებას, 5%-დან 17%-მდე, ორივე სექტორში ველოდებით, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ახლა ზუსტი პროგნოზების განჭვრეტა ცოტა რთულია“, - განაცხადა ანა გაგუამ.

მისივე თქმით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მათი მთავარი მიზანია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გამოცდილება გადაიტანონ სრულიად ციფრულ სამყაროში და იქცნენ გზამკვლევებად დაინტერესებული ადამიანებისთვის.

„ვფიქრობთ,  ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთისთვის გამოცდილების, ცოდნის და რესურსების გაზიარება. სწორედ ამიტომ შევქმენით ჯგუფი „Area - რჩევებისთვის“, რომელიც აერთიანებს საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოებსა და ინდივიდუალურ აგენტებს. დღეს ჯგუფი, ამ სფეროს 300-მდე კომპეტენტურ წევრს აერთიანებს და ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ჩვენი მხრიდან, ონლაინ ვებინარებისა და ინფორმაციის გაზიარებით, ვცდილობთ გაცილებით აქტიურად და სიღრმისეულად ვისაუბროთ ყველა იმ მიგნებაზე, ტენდენციასა თუ საინტერესო ფაქტზე, რაც დაეხმარებათ მათ ამ გამოწვევის გადალახვაში", - ამბობს ანა გაგუა. 

AREA.ge-ში ფიქრობენ, უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია იპოთეკურ სესხებზე პირობების გადახედვა, გამარტივება და პროცენტის შემცირება.

„ცხადად, ვიაზრებთ და ვიზიარებთ, რომ იპოეთეკურ სესხებზე უნდა მოხდეს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებები. ყველაზე კარგი იქნება შეღავათები იპოთეკურ სესხებზე. იპოთეკით ბინების გაყიდვების, დაახლოებით, 40% ფინანსდება, ვფიქრობ, 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილება სესხების გამკაცრებაზე უნდა გადაიხედოს. ხალხს იპოთეკური სესხის გარეშე ქონების შეძენა ძალიან გაუჭირდება. ზოგადად, უძრავი ქონება ეკონომიკისთვის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დარგია, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება“, - განაცხადა გაგუამ და დასძინა, რომ  სექტორისთვის მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ დგას და მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, თანამშრომლობისთვის იმდენად, რამდენადაც ფრონტის წინა ხაზზე სწორედ ისინი დგანან.