მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის პერსპექტივა, Amazon-მა, Netflix-მა, Facebook-მა და Google-მა აქ გახსნან დატა ცენტრები - ბექაური

61cb199d68aca
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.21 18:13
4338
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ “რეალურად, არსებობს პერსპექტივა”, რომ საქართველოში გლობალურმა ოპერატორებმა დატა ცენტრები ააშენონ.

ბექაურის თქმით, ეს კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურამ უნდა მოიზიდოს, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს.

მინდა, შევეხო საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობას. ეს გულისხმობს დატა ცენტრის გაკეთებას, რომელიც ფაქტობრივად, მთელ რეგიონს მოემსახურება.

"ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული კავშირით.

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შემთხვევაში საქართველო პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირდება 70 ტერაბიტ წამი გლობალური ინტერნეტის სიჩქარით და ევროპა-ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტის გატარების 45%-იანი ბაზრის წილის დაკავების შესაძლებლობა არსებობს. რეგიონში ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები როგორიცაა "ამაზონი", "გუგლი", "მაიკროსოფტი", "ფეისბუქი", "ნეტფლიქსი" და ასე შემდეგ.

რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები ან თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები", - აცხადებს კახა ბექაური.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს გავლით ციფრული ჰაბის შექმნის პროექტს უკვე რამდენიმე წელია აზერბაიჯანული Neqsol Holding-ი ახორციელებს, რომელმაც “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილი შეიძინა. კომპანია პარალელურად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს აშენებს. სწორედ ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით, გეგმავდა Neqsol Holding-ი ახალი ციფრული დერეფნის შექმნას, თუმცა ეს პროექტი საქართველოს მხრიდან 2020 წელს ბარიერებს წააწყდა, რადგანაც კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინის” გაყიდვა მასთან არ იყო შეთანხმებული, 2020 წლის ზაფხულში პარლამენტმა კანონშიც შეიტანა ცვლილებები, რის შედეგადაც კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეც მმართველი დანიშნა და ინვესტორს კომპანიის მართვა შეუჩერა. ამას კი Neqsol-ის მფლობელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვა მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე სწავლობს საქმეს.