მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი თამამი გადაწყვეტილებების დრო არ არის - გაბუნია კლუბების გახსნაზე

61c433d53347b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 12:37
547
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ომიკრონის“ შტამის გამო კლუბების გახსნა ამ ეტაპზე არ განიხილება.

ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას ჰკითხეს, რატომ არ უშვებს საკოორდინაციო საბჭო კლუბების გახსნას, მაშინ როდესაც მთავრობის მიერ არაერთი საახალწლო, ხალხმრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ამ პირობებში, როდესაც „ომიკრონის“ მოსალოდნელ ტალღას ველით და ევროპაში, ყველგან ვადევნებთ თვალს როგორ მკაცრდება მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება დავუშვათ ახალი გახსნები, მაგალითად კლუბებთან მიმართებით. არ არის იმის დრო ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მით უმეტეს, რომ „ომიკრონის“ რისკი ძალიან რეალურია, ამდენად ცოტა დრო გვჭირდება.

რა თქმა უნდა, ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს, როგორც გართობის, ასევე სოციალური აქტივობის და ყველა სხვა მიმართულებით, თუმცა ამ რისკს, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ბევრი კითხვის ნიშანი ახლავს. ვფიქრობ და საკოორდინაციოს საბჭოს პოზიციაც ასეთია, რომ მნიშვნელოვანია თავი შევიკავოთ დამატებითი შეზღუდვების გაიოლებისგან“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსნებთ, რომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ღიბრაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ღამის კლუბების ოპერირების შეზღუდვას მოიცავს, დარგის წარმომადგენლების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. ღამის კლუბების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კი სექტორი დამორჩილებას არ აპირებს და ღონისძიებების ჩატარებას მაინც აანონსებს.