07.თებერვალი .2020 18:51

აუდიტმა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" დარღვევები გამოავლინა

views 513
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახური  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. 

აუდიტმა შეისწავლა კომპანიის შემოსავლები ჯამში – 548,138.0 ათასი ლარის, ხოლო ხარჯები – 386,858.3 ათასი ლარის ოდენობით. გარდამავალი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შემოწმებას დაექვემდებარა გასული წლების დოკუმენტაციაც.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

კომპანიის, ასევე მერიის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმების არასათანადოდ ფუნქციონირების გამო, 2017-2018 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკარგა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო რესურსი და აანაზღაურა არსებული წესების დარღვევით გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულებები. ამასთანავე, მგზავრობის სატარიფო სისტემისა და კომპანიის მომსახურე საწარმოს მართვის მექანიზმის ხარვეზების გამო, არ არის უზრუნველყოფილი მგზავრობის ფასდაკლების სისტემის გამართული მუშაობა.
კომპანიამ მომსახურე საწარმოს აუნაზღაურა მგზავრობის საფასურის ინკასაციის საკომისიო, რაც ხელშეკრულების პირობების მიხედვით, უფასო მომსახურებას წარმოადგენდა. აუდიტის პირველადი ანგარიშის მიღების შემდეგ, კომპანიამ დაიბრუნა ზედმეტად გადახდილი თანხები.

ქონების მართვისა და განკარგვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, კომპანიამ არ გამოიყენა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. კერძოდ, ქონება განკარგულია პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე. გარდა ამისა, ქონების საბაზრო ღირებულების ცვლილების მიუხედავად, კომპანიამ არ გაზარდა საიჯარო ქირა, რასაც ხელშეკრულების პირობა ითვალისწინებდა.


კომპანია განკარგავს არაპროფილურ ქონებას და ყოველწლიური მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, არ აქვს შემუშავებული ქონების მართვისა და გამოყენების სტრატეგია.

კომპანიამ №2 ავტობაზის მშენებლობის ყველა ეტაპი განახორციელა არსებითი დარღვევა-ნაკლოვანებებით. ობიექტი, რომელზეც ფულადი რესურსები ზედმეტად დაიხარჯა, ექსპლოატაციისათვის პრობლემურია. კერძოდ, კომპანიამ ჩაიბარა უხარისხო საპროექტო დოკუმენტაცია; ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ექსპერტულად არ დადასტურებულა; სატენდერო კომისიამ არ შეწყვიტა ტენდერი ობიექტის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად; მდგრადობის თვალსაზრისით საჭიროა სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის ხელახლა განხორციელება; არ არის გავრცელებული არსებითი მოცულობის საჯარიმო სანქციები.


მეტროს სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისას, კომპანიაში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სამშენებლო თვალსაზრისით არსებითი შეუსაბამობების გამოვლენა და გამოსწორება. კომპანიამ გასწია არაეფექტიანი ხარჯები, რადგან ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით განსაზღვრული შედეგის სრულად და დროულად მიღწევა.


მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა დაწყებულია მშენებლობის საპროექტო ნაწილის სათანადოდ დამუშავების გარეშე. სამუშაოების შემსრულებელი საწარმოს ანგარიშზე 4 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში ირიცხებოდა არსებითი მოცულობის საავანსო თანხა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ობიექტის მშენებლობა შეწყვეტილია.

კომპანიაში არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო.

კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულების მაგალითზე ფიქსირდება გაცდენილი დღეების, დაგვიანებების და ადრე წასვლის მრავალი შემთხვევა. გარდა ამისა, კომპანიაში დანერგილი სისტემა სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ შეიცავს ხარვეზებს, რითაც არ არის გამორიცხული შრომითი ანაზღაურება სრულად გაიცეს დასაქმებულზე, რომელსაც დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებია ან ნაწილობრივ შეასრულა.

კომპანიამ სწორად ვერ განსაზღვრა შესასყიდი ბუნებრივი აირის საჭირო მოცულობა და გასწია არარაციონალური ხარჯი. კერძოდ, საწვავი შესყიდულია წინსწრებით, რითაც კომპანიამ ვერ მიიღო მნიშვნელოვანი მოცულობის სარგებელი, რომელიც დაერიცხებოდა სარგებლის სახით მომსახურე ბანკში არსებულ ნაშთზე.

მმართველობით პროცესში მიღებული საკადრო გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიამ 2017-2018 წლებში გასწია მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯი. კერძოდ, კომპანიამ დასაქმებულები კანონშეუსაბამოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე აანაზღაურა მათი განაცდური ისე, რომ სრულად არ გამოიყენა მინიჭებული უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.