მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალავარი: მინდა ვთხოვო ყველას, "მშენებლობის ამნისტია" 2023 წლამდე გადადონ

6067f95d55bc0
თათია ჩაფიჩაძე
03.04.21 12:54
2594
სამშენებლო კომპანია „ბალავარი“ თბილისის მერიას „მშენებლობის ამნისტიის“ კანონის მიღების 2023 წლამდე გადავადებას სთხოვს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ლევან მაღრაძე აცხადებს, რომ არსებულ მძიმე ეკონომიკური კრიზისის და ლარის გაუფასურების პირობებში, ბინების გაყიდვების მაჩვენებლები ისედაც შემცირებულია. ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი მინიმუმამდე დაეცემა წინასწარი გაყიდვებიც, რაც კომპანიებს კაპიტალის ნაწილში სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

„ამნისტიის კანონპროექტიდან მინდა ყურადღება გავანახვილო გაზიფიცირების და ელექტროენერგიის საკითხზე. თუ ეს აიკრძალება შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მაშინ მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება წინასწარი გაყიდვები. მომხმარებელს არ ეცოდინება როდის შევლენ ბინებში და ამიტომ თავს შეიკავებენ ყიდვისგან. ეს დააზიანებს სამშენებლო სექტორს კაპიტალის ნაწილში, არ იქნება ფულადი სახსრების შემოდინება აქედან. შესაბამისად ჩვენი მდგომარეობა გართულდება მითუმეტეს ამ სიტუაციაში, იცით რა ხდება სავალუტო ბაზარზე. ლარის კურსი პირდაპირპროპორციულად აისახება გაყიდვების მაჩვენებელზე, სამშენებლო პროექტის ძირითადი ნაწილი, ალბათ 90% იმპორტირებულია.

2020 წლის პირველ კვარტალში კურსი 2.8 იყო და დღეს 3.5-ს უახლოვდება, ეს ამცირებს გაყიდვებს, აძვირებს თვითღირებულებას, თუმცა სარეალზიაციო ფასი ამას ვერ მიჰყვება. ასეთ კრიზისულ ვითარებაში პროდუქციას ვერ გააძვირებ, ამიტომ ახალი რეგულაციების ამოქმედება შეიძლებოდა განგვეხილა გრძელვადიან პერიოდში, მაგალითად 2023 წლიდან, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირე განიმუხტებოდა და სექტორი ისეთი წნეხის ქვეშ აღარ იქნებოდა, როგორშიც დღეს არის. მინდა ვთხოვო ყველას, ვინც მუშაობას ამაზე, რომ დროებით შეჩერდეს ეს პროცესი და გადადონ 2023 წლამდე“- აცხადებს მაღრაძე.