მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბარაქას” ზეთის იმპორტი არგენტინიდან სურს - გაძვირდება თუ არა პროდუქტი?

62862b8db7601
ლიკა გურაბანიძე
20.05.22 10:10
1075
რუსეთ-უკრაინის ომის გამო ზეთ “ბარაქას” მწარმოებელ კომპანია “ალფაში” რუსეთის გარდა, მზესუმზირის ზეთის იმპორტის განსახორციელებლად სამხრეთ ამერიკის ბაზრებსაც განიხილავენ.

როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი დავით კირვალიძე bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით საიმპორტო ბაზრად ისეთ ქვეყანას განიხილავს, როგორიც არგენტინაა.

“რუსული ბაზარი ძალიან არასტაბილურია ეს  მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. გააძვირებს თუ არა ახალი ბაზრის დამატება ზეთს? ამაზე პასუხი გვაქვს, რომ არა. რადგან, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, არგენტინიდან ზეთის წამოღება საზღვაო გზით მოხდება, რაც სახმელეთოზე (რუსეთიდან ზეთი სახმელეთო გზით მოდის) გაცილებით იაფია. რუსეთის ბაზრის სრულად ჩანაცვლებას არ ვგეგმავთ, თუმცა პროცენტული წილი ქვეყნებს შორის როგორ გადანაწილდება ამ ეტაპზე არ ვიცით, რადგან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვისრულებია” - განაცხადა “ალფას” გაყიდვების ხელმძღვანელმა.

დავით კირვალიძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ზეთზე ფასები იზრდებოდა, თუმცა ახლა ლარი დოლართან მიმართებით გამყარებულია, რაც კომპანიას ფასების შენარჩუნებაში ხელს უწყობს.

“რომ არა კურსის სტაბილურობა ზეთზე ფასი 10-15%-ით კიდევ მოიმატებდა. ჩვენი ვარაუდით, რუსეთში ზეთზე ფასები ივნისში კიდევ მოიმატებს, ხოლო "ბარაქას" ზეთზე ფასის მომატება-არმომატების საკითხი სწორედ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. "ბარაქას" ზეთზე ფასები მიმდინარე წლის მარტამდე 6 ლარის 6.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე 7 ლარის და 9.50 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანია რუსეთიდან თვეში 300 ტონა ზეთს იღებს,” - აღნიშნა კირვალიძემ.