მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბარტერი” მთავრობასა და "ვისოლ ჯგუფს" შორის - რა ქონებები გაიცვალა?

62ed3fdde045d
ანუკა ჯოხაძე
05.08.22 20:00
1763

2 ჰექტრის სანაცვლოდ 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი - საქართველოს მთავრობასა და "ვისოლ პეტროლოუმ ჯორჯიას" შორის შეთანხმება შედგა, რის საფუძველზეც ბიზნესმა კერძო საკუთრებაში არსებული 5 მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს დაუბრუნა, სანაცვლოდ კი კონკრეტული პირობებით 7 მიწის ნაკვეთი მიიღო.

ნაკვეთებს შორის მოხვდა დიღომში არსებული "ავაზას" სპორტკომპლექსიც, რომელიც თავის დროზე 5 000 ლარად "ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანია "ვილაჯიომ" შეისყიდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" მიღწეული შეთანხმების თანახმად, დედაქალაქს კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. მისი თქმით, საუბარია, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებზე, რომელიც კერძო პირდაპირი მიყიდვის წესით 2006 წელს გასხვისდა.

"ესაა “ავაზას” სპორტული ცენტრი, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და ჩვენი მუშაობით ეს სივრცე დაუბრუნდა ქალაქს. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით მესაკუთრესთან შპს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" მოხდა შეთანხმება, რის საფუძველზეც კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში გადასცა აღნიშნული ნაკვეთი, სადაც განთავსებულია მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი ავაზა.

ტერიტორია 2007 წელს პრეზიდენტის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გარკვეული საპრივატიზაციო პირობებით 5000 ლარად გადაეცა შპს ველა ჯიოს, მასზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლის ვადით. ჩვენთვის მნიშნელოვანი იყო ამ სივრცის შენარჩუნება, რომ იქ არ მომხდარიყო რაიმე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, თუ რა დაგვიჯდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა გადასახადების გადამხდელებს და რა პირობებით შედგა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება, შესაბამისი კითხვით BM.GE-მ თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს მიმართა.

როგორც ის ამბობს, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", რომელიც 10 წლის განმავლობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო, ადგილზე დეველოპერული პროექტის განხორციელება სურდა. ხმალაძის განმარტებითვე, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლება განხორციელდა.

“10 წელი გავიდა და კომპანია მუშაობდა იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელებულიყო გარკვეული დეველოპერული პროექტი, თუმცა ჩვენ ისევ დავდექით იმ პრინციპზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტული სივრცეები არ უნდა გავაქროთ ქალაქში; ვაწარმოეთ კომპანიასთან მოლაპარაკება და გამოვისყიდეთ მონაცვლეობის გზით ეს ნაკვეთი და ქალაქს დავუბრუნეთ", - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი.

ირაკლი ხმალაძემ ვერ დააკონკრეტა რა ღირებულების მიწის ნაკვეთში გავუცვალეთ წლების წინ 5000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას";

თუმცა მოგვიანებით გავარკვიეთ, ბიზნესთან შეთანხმების საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა. როგორც 2021 წლის 21 ივლისის განკარგულება ირკვევა, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული 5 ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართი 19 371 კვ/მ სახელმწიფომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 7 ნაკვეთში გაცვალა, რომლის ჯამური ფართი 80 933 კვადრატული მეტრია.

მოცემული 7 ნაკვეთიდან მხოლოდ ერთ ნაკვეთზე "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" თანხის დამატება მოუწია. საუბარია ბელიაშვილის N143-ის მიმდებარედ არსებული 1087 კვ/მ ფართობზე და მასზე არსებულ ელექტროგადამცემ ანძაზე, რაშიც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" 395 139 ლარი გადაიხადა.

ქონებები, რომელიც სახელმწიფომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან" ადგილმონაცვლეობის გზით გამოისყიდა, თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, რეკრეაციული ზონას და სატრანსპორტო და საცხოვრებელ სტატუსებს ატარებს;

რაც შეეხება იმ ქონებებს, რომელიც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" სახელმწიფოსგან მიიღო - ამ შემთხვევაში 7 ქონებიდან 6 საცხოვრებელი ზონის სტატუსს ატარებს და მხოლოდ ერთი ნაკვეთი, რომელიც ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარედ მდებარეობს - რეკრეაციული ზონის სტატუსს.

იმის გათვალისწინებით, რომ "ვისოლ ჯგუფმა" BM.GE-სთან მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ საცხოვრებელი ბინების მშენებლობის დაწყებას გეგმავს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოსგან მიღებული ნაკვეთები კომპანიამ შესაძლოა ამ კუთხით დატვირთოს. როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მაშინ აცხადებდა, რამდენიმე პროექტი უკვე მზად იყო და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყებოდა.

რაც შეეხება ჯამურ ღირებულებას იმ ქონებებისას, რაც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" მიიღო, ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არც თბილისის მერიისგან და არც ეკონომიკის სამინისტროსგან მიგვიღია.