მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

5e673dab29150
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.20 11:40
752
ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა. ამის შესახებ bm.ge-ის ბავშვთა სამყაროს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯულიეტა ელიავამ განუცხადა.

„აქციაზე დაახლოებით 150-მდე დაზარალებული ვიქნებით. კონკრეტულად ვითხოვთ ზარალის ანაზრაურებას. ეს ხელისუფლება სანამ არის ამ საქმეს არ გამოიძიებენ, რადგან ეს არის ამ ხელისუფლების დაკვეთით და ჩვენი ადმინისტრაციის ხელით გაკეთებული საქმე. ამიტომ ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას.

თან უნდა ვთქვა, რომ გამოძიებისას მხოლოდ ზარალის ნახევარია აღრიცხული. სოხუმიდან ჩამოსული ვარ და რამდენჯერ უნდა შეილახოს და დაირღვეს ჩემი უფლებები. 22 მ2-ზე მქონდა ქალის სამოსი და ჩემი ზარალი 150 000 ლარი იყო“, - აცხადებს დაზარალებული.

აქციის მონაწილე ამბობს, რომ აქცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

BM.GE ბავშვთა სამყაროს კიდევ ერთ დაზარალებულს და აქციონერს გია მაჭავარიანს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე არ იმყოფება და არ ეთანხმება დაზარალებულების ნაწილს, ვინც თავის ზარალს ხელოვნურად ზრდის.

„სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჯამში ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს 18.9 მლნ ლარის ზარალი მიადგათ. ამ დროისთვის მიმდინარეობს სასამართლო და ველოდებით განაჩენს. მე ყველა დაზარალებულს ვუდგავარ გვერდით,თუმცა მივიჩნევ, რომ თავისი ზარალის შესახებ ყველამ ზუსტი მონაცემები უნდა დააფიქსიროს. არ შეიძლება 2 მ2-ზე ყიდიდნენ ტანსაცმელს და 40 000 ლარზე მეტი ზარალი ჰქონოდათ“, - განაცხადა გია მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რკინიგზის სადგურზე არსებული სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი 2017 წლის 30 იანვარს გაჩნდა. ხანძარმა მოვაჭრეთა საქონლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. საგამოძიებო მოქმედებისას გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად 695 ცნეს.