02.იანვარი .2020 15:00

„ბეკოს“ გენდირექტორის მოწოდება მთავრობას: აუცილებელია, ბიზნესთან ლაპარაკი

views 1072
უკან

„ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი მთავრობას 2020 წელს დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „აუცილებელია ბიზნესთან ლაპარაკი“.

ამის შესახებ ტექნიკის მაღაზიის გენერალურმა დირექტორმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, იმისთვის, რომ მთავრობის მიერ ინიცირებულმა რეგულაციებმა დარტყმა არ მიაყენოს კერძო სექტორს, აუცილებელია, საჯარო სექტორსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

„თუ რაიმე ახალი კანონის გაშვებას აპირებენ, შესაბამის კომპანიებთან აწარმოონ კონსულტაციები. აუცილებელია, ბიზნესთან ლაპარაკი; თუ განვადების რეგულაციებს აპირებენ, როგორც ეს წინა წელს მოხდა, ამ თემასთან დაკავშირებით სჯობს სამშენებლო კომპანიებთან, საყოფაცხოვრებო და ტექნიკის მაღაზიებთან საუბარი. შარშან, პირველ იანვარს რომ აამოქმედეს რეგულაციები, ძალიან ცუდად აისახა სამშენებლო, ავეჯის და საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიებზე.

დიდ მაგიდასთან დავსხდეთ და ჩვენი რაღაცეები ვთქვათ; იქნება ჩვენ რაღაცეები ვიცოდეთ უკეთესი, რაღაც შევთავაზოთ, მე თურქეთის საბანკო რეგულაციების გამოცდილებაც მაქვს. იქ ასე პირდაპირ არ მომხდარა, ეტაპობრივად მოხდა ჯერ საკრედიტო ბარათები გამოუშვეს, რომლთაც 12 თვემდე განვადება კეთდებოდა და ნელ- ნელა შემოვიდა რეგულაციები.

ჩვენ ვართ ბიზნესმენები, პოლიტიკასთან დაკავშირებით არ მინდა კომენტარის გაკეთება. ერთი ის მსურს, რომ ყოველთვის წარმატებული იყოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, რასაც ავტომატურად ბიზნესიც მიჰყვება“, - ამბობს მეჰმედ მელექი.

BM.GE-ის კითხვას- როგორ შეაფასებს, მიმდინარე წლის მარტიდან საბანკო რეგულაციების შერბილებას და რა გავლენას იქონიებს უშუალოდ კომპანიაზე, ბიზნესმენმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „რატომ მარტიდან და არა იანვრიდან? არჩევნები როდის არის?! ამისი პასუხი ეს არის!.. რეგულაციების შერბილება, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენს ბიზნესზეც, ხალხს ექნება ლიმიტები განვადების გასაკეთებლად და იყიდის პროდუქციას, შესაბამისად, გაყიდვები გაიზრდება. ამასთან, 2020 წელს, მგონი, ევროპის ჩემპიონატიც არის და ამის ხარჯზეც უნდა გაიზარდოს რეალიზაცია. 2020 წელს კარგ გაყიდვებს ველოდებით“, - ამბობს „ბეკოს“ გენდირექტორი.