08.სექტემბერი .2019 16:00

„ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს პროგნოზირებადი მომავლით - ეს არის ჩვენი მიზანი“

views 410
უკან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ბიზნესის ხელშეწყობასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროგნოზირებადობა, ხოლო ხარჯების ნაწილში, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს.

„ბიზნესგარემოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის პროგნოზირებადობა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ. ორი თემაა: პროგნოზირებადი ბიზნესგარემო და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ეკონომიკაში. ბიზნესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს განხილული, როგორც მინიმუმ ბიზნესთან. ეს ასე იქნება, თუ აქ გვქონდა რაიმე ჩავარდნები, ამას გამოვასწორებთ. მე არ მგონია, რომ აქ იყო რაღაც სერიოზული, თუმცა ეს კომუნიკაცია იქნება ძალიან სწრაფი და ეფექტური. ბიზნესგარემო არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ დაისვა შეკითხვა, რომ დასაქმება 51% რომ არის, სახელმწიფო ხომ არ არისო - შეიძლება ასეც იყოს, თუმცა, სოციალური თვალსაზრისით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

თუმცა ასევე, ხაზგასმით უნდა ავხსნათ, რომ ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ძლიერი, მყარად მდგარი და პროგნოზირებადი მომავლით, ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზანს ძალიან პრაგმატული აზრი აქვს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც ბიზნესთან ერთად გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, გადავიტანოთ ნელ-ნელა ბიზნესზე.

ეს არის ის მარტივი მოდელი, რომლითაც ყველა განვითარებული ევროპული ქვეყანა მივიდა იქ, სადაც მივიდა. სადაც სოციალური გარანტიები და ამ სოციალური გარანტიის ძირითადი კომპონენტები, არის ბიზნესზე, კერძო სექტორზე და კიდევ სხვა მრავალი ინსტიტუტები არსებობს, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს, მაგრამ უნდა ავამუშაოთ.

ეკონომიკის ნაწილი, როგორც ხარჯების ოპტიმიზაცია - ამ ნაწილში, მე როგორც მახსოვს მშპ-თან შედარებით 4% გვაქვს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია, თუმცა, ესეც არაფერს არ ნიშნავს. თუ ვამბობთ, რომ ჩვენი პრინციპი უნდა იყოს მცირე მთავრობა, რა თქმა უნდა, ხარჯების ნაწილში, იქ სადაც ოპტიმიზირება შესაძლებელია და მარტივად რომ ვთქვათ, მანქანები, ავეჯი და ა.შ. იყო ერთი პერიოდი ჩვენი მთავრობის პირობებში, როდესაც დეტალურად გავდიოდით ამას ყველაფერს, იგივეს გავაკეთებთ. იქ სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ამ ხარჯებს მაქსიმალურად შევამცირებთ, თუმცა, იმის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამას რაღაცა დიდი მაკროეკონომიკური ეფექტი ექნება, არ ექნება, მაგრამ ამას ექნება, უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, დისციპლინობის პრინციპი. დღეს ბიუროკრატიისთვის, დისციპლინა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი”, განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა