18.მარტი .2020 14:15

ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციისთვის ბიზნესომბუდსმენთან სპეციალური პლატფორმა იქმნება

views 213
უკან

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება. აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილი დღეს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც, ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინიციატივებს წარადგენს.

"იზრდება იმ თხოვნების რაოდენობა, რომლითაც მოგვმართავენ როგორც აქ, ადმინისტრაციაში, ასევე მერიაში და კონკრეტულ სამინისტროებში. შესაბამისად, ამ მიზნით იქმნება პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის მიზანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით დავძლიოთ ეს გამოწვევა და კრიზისი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ცალკე აღებული კომპანიის მხრიდან იყო არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ამ რთულ პერიოდში ცდილობენ, დამატებითი სარგებელი და მოგება უზრუნველყონ თავიანთი თავისთვის, თუმცა, ამასთან ერთად, ბიზნესში არის ბევრი სამაგალითო შემთხვევაც, როდესაც სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა მოქალაქესთან და სახელმწიფოსთან ერთად უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა