მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით" - ვიცეპრემიერი

601bb409cdab4
ინგა მურუსიძე
04.02.21 13:20
730
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უმკაცრესად დაისჯება ყველა ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ შეზღუდვებს "მიზანმიმართულად დაარღვევს". პრემიერის თქმით, კანონდამრღვევები ასევე ვერ მიიღებენ შეღავათებს, რომელსაც მთავრობა დააწესებს და ვერ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო პროგრამებში.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რა იგულისხმა პრემიერმა და იყო თუ არა ეს გაფრთხილება მიმართული რესტორნებისკენ, რომლებიც 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას გეგმავენ, რამდენადაც ამ დრომდე მათ მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, დღეს კი მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესტორნების ღია სივრცეები 15 თებერვლიდან გაიხსნება და შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღეს იმუშავებს.

„პანდემიის მართვის პირველი დღიდან გვაქვს დაწესებული წესები, რომელთა დარღვევის დროს მოქმედებს სანქციები. დღეს პრემიერმა თქვა, რომ სანქციები მოქმედებს. კანონის მიზანმიმართული დარღვევის განმეორებისთვის დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. დღეს დამატებით გადავწყვიტეთ, რომ თუ ბიზნესი, რომელსაც ინტენსიურად ვეხმარებით, მიზანმიმართულად დაარღვევს რეგულაციებს, სახელმწიფო არ ჩათვლის ვალდებულად, დაეხმაროს მას. თუ ვხედავთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ხდება მიზანმიმართულად შეზღუდვების იგნორირება, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, ეს ეხება ყველას, მათ შორის რესტორნებს, ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს და ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონის რეგულაციებს.

„ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ დამატებით მხარდაჭერას და დამატებითი სუბსიდირების პაკეტს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ბიზნესი იქცევა უპასუხისმგებლოდ, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს და იმ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომელთა გადასახადებიდანაც ვიხდით სუბსიდირებას ბიზნესის ფუნქციონირებისთვის“, - თქვა ცქიტიშვილმა.