მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG - რა წერია წერილში, რომლის გასაჯაროებისკენაც ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს მოუწოდებს

5da58669d2204
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.19 19:50
2239
BMG-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსოცრიუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა წერილით, რომელშიც კონსორციუმი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორის დადგომაზე მიუთითებს და სახელმწიფოსგან პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობასთან დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს. 

დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კონსორციუმს 10 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ფორს-მაჟორთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან მას კონფიდენციალობის მუხლი ზღუდავს. 

"რაც შეეხება ფორ-მაჟორს და შეტყობინების შინაარსს, მოგახსენებთ, რომ ჩვენ კონფიდენციალობის მუხლით შეზღუდული ვართ, პასუხი გაგცეთ. ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. კიდევ ერთხელ მივმართავთ კონსორციუმს, რომ გაასაჯაროვოს ის წერილი, რომლითაც მათ მოგვმართეს 10 ოქტომბერს,"- ამბობს ვიცე-პრემიერი. 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინაშე წარდგენილი ბრალდებები ფორს-მაჟორად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ვალდებულებები აღებული აქვს კონსორციუმს და არა - კონკრეტულ პირებს.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საკუთარი განცხადებებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა აღნიშნულის შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგანაც ამისგან კონსორციუმთან დადებული შეთანხმების კონფიდენციალობის მუხლები ზღუდავს, რის გამოც, თავად კონსორციუმს მოუწოდებს მისი გასაჯაროებისკენ.

ცნობისთვის: BM.ge ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებას ცდილობს. 

"მინდა გამოვეხმაურო კონსორციუმის მიერ, გუშინ 14 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებებს, რაც წარმოადგენდა მორიგ მცდელობას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. დიახ, 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების გეგმას ან კონკრეტულ ხედვას. მისი შინაარსი სამწუხაროდ, სრულიად განსხვავდება იმ შინაარსისგან, რაც გააჟღერა კონსორციუმმა. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების კონფიდენციალობის მუხლზე მითითებით, კონსორციუმმა შეგვიზღუდა, წერილის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების უფლება. სამწუხაროდ, ამავდროულად კონსორციუმმა თავად მოახდინა საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივმართავთ კონსორციუმს თავად გააჟღეროს და თავად წარმოადგინოს აღნიშნული წერილი.

მე არ ვარ იურისტი, მაგრამ როგორც მოქალაქე და მთავრობის წევრი, ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საჯარო ინტერესი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სახელშეკრულებლო ნორმა. ჩვენ როგორც ხელისუფლება, დღემდე ამ დამოკიდებულებით ვმოქმედებდით და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით და გამჭვირვალობით ვეკიდებოდით ამ საქმეს,"- ამბობს მინისტრი. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, თუ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სახელმწიფოს არ წარუდგენს წინადადებას, რომელიც კონსორციუმის მიერ კაპიტალის $120 მილიონი დოლარით შევსებას და საინვესტიციო ბანკების მიერ $400 მილიონის ოდენობით სესხის გამოყოფაზე წინასწარ თანხმობას შეეხება, სახელმწიფოს ექმნება უფლება, 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმება შეწყვიტოს.