მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან აანონსებენ - პროფკავშირები

62a4adbe9847e
თელარა გელანტია
11.06.22 18:57
1300
კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” ქარხნებში დასაქმებული, გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო აქცია, შესაძლოა, თბილისში გაგრძელდეს. შესაბამისი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ BM.GE-სთან დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ სამოქმედო გეგმას 13 ივნისს გააჟღერებენ.

„მიუხედავად დაშინების, შანტაჟის, მუქარის და იძულებისა გაფიცული ბორჯომელები ვერ გატეხეს, ვერ დაყვეს და ვერ დააპირისპირეს.

მიუხედავად მედიაციის ფარგლებში მიღებული პირობისა, რომ დასაქმებულებს დაერიცხებოდათ ნამუშევარი 2 თვის კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე მათ ხელფასები არ მიუღიათ საქართველოს მთავრობა განმეორებითი მედიაცია თქვენი მოთხოვნით ჩაინიშნა, თუმცა დასაქმებულებისთვის დანაპირები კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვა ამ დრომდე არ მომხდარა.

და რადგან არ, ან ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება გთავაზობთ მისცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა რომ თავად აამუშაონ ბორჯომის ქარხანა, მათ ეს შეუძლიათ.

მინერალური წყალი ბორჯომი არ გახლავთ მხოლოდ სამუშაო სივრცე, ის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ჩვენი ელჩია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

13 ივნისს, დილის 07:00 საათიდან ყველას გელოდებით ბორჯომის ქარხნების წინ, ვიწყებთ ბორჯომიდან და რადგან არ ისმის გაფიცულთა ხმა ვაგრძელებთ თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან.

არავინ აპირებს შეეგუოს გაჩერებულ ბორჯომის ქარხანას. ქარხანას, რომელიც ომების დროსაც კი არასოდეს გაჩერებულა“, - წერია facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბორჯომის" წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

9 ივნისს „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. მან განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი კომპანიის მხრიდან თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის გამო შესწავლას დაიწყებს.