24.სექტემბერი .2019 21:00

ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი

views 208
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს ახალ კანონპროექტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ," რომელიც დაადგენს ენერგეტიკულ სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს.

სამინისტროს ინფორმაციით, იგი ასევე ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს მომხმარებლებისთვის, დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად.

კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პირველი მოსმენით განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტმა ხელი უნდა შეუწყოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ჩამოყალიბებას, გახსნას, განვითარებასა და ინტეგრირებას.

„ამ ინიციატივის მთავარი აზრი არის ის, რომ ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკის ბაზარი. ის ითვალისწინებს ახალი, ე. წ. სათამაშო ველის შექმნას ენერგეტიკის სექტორში, აყალიბებს იმ მოთამაშეებს, ბაზრის მონაწილეებს, რომლებმაც ამ სახეცვლილ ენერგეტიკულ სექტორში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ჩამოწერილი და განსაზღვრულია, რა ფუნქციები ექნება თითოეულ მათგანს, რადგან კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ენერგომიწოდებისა და განაწილების საქმიანობის გამიჯვნა და ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი იყოს გახსნილი", - განაცხადა მედიასთან საუბრისას დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, აწესრიგებს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა