მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთვის ბახმარო სინდისის პროექტია“ - „ორბი ჯგუფის“ ₾120-მილიონიანი გეგმები

62038e25e6b18
თათია ჩაფიჩაძე
13.02.22 23:59
3668
„ორბი ჯგუფს“ კურორტ ბახმაროში ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ნაწილი 2021 წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ პანდემიამ გეგმები დააკორექტირა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, 500-600 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი პირველ სტუმრებს 2023 წლიდან მიიღებს, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 120 მლნ ლარია. კომპანიაში ამბობენ, რომ გენგეგმასა და ყველა საჭირო კვლევაზე მუშაობა დასრულებულია.

"ბახმარო ჩვენთვის უფრო სინდისის პროექტია. გვსურს, ყველაფერი მაგრად გაკეთდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - ამბობს ბიზნესმენი BMG-სთან ვრცელ ინტერვიუში, რომელშიც ვრცლად ისაუბრა ბახმაროსთან დაკავშირებულ გეგმებზე და ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მთავრობის მიერ „ორბისთვის“ ბახმაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემას გარკვეული კრიტიკა და კითხვები მოჰყვა.

„ბახმაროს მიმართულებით დიდი და გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ის დღემდე რჩება მოუწესრიგებელ კურორტად, სადაც ტურისტებისთვის არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაკეთებულა. 2019 წელს, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით ავიღეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა; არადა ძალიან მარტივი იყო ლოგიკა, რომ ისეთ კურორტზე, სადაც არაა საჯარო ინფრასტრუქტურა - არ გვაქვს გზები, არ გვაქვს აფთიაქი, მაღაზია, ბანკი ანუ არაფერი არ არის, ამ პირობებში, როცა კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 100 მლნ-ზე მეტი ჩადოს, ბუნებრივია, სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი იყო ადეკვატური ანუ პირველ პროექტზე ქონების პირდაპირი მიყიდვის გზით გადაცემა; ამის შემდგომ გვქონდა კიდევ დამატებითი მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილი, რაზედაც უკვე სახელმწიფომ აუქციონი გამოაცხადა და შეძლო 3-ჯერ მეტ ფასად გაეყიდა მიწის ნაკვეთი, ვიდრე პირველ ეტაპზე გაყიდვის დროს ღირდა.

ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი პროექტი, დავიწყეთ გენგეგმაზე მუშაობა, რომლის პირველი ფაზა დავასრულეთ, ჩავატარეთ კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, რომლის ფარგლებშიც გამოვიკვლიეთ ირგვლივ მდებარე ყველა სამთო კურორტი, ყველა ფოკუს ჯგუფი, რომელიც შეიძლება ჩვენი მომხმარებელი იყოს, რადგან გვსურს, ბახმარო გახდეს ოთხი სეზონის კურორტი. დავთვალეთ პოტენციალი, რამდენ ტურისტზე უნდა გაითვალოს ინფრასტრუქტურა, გზები, კანალიზაცია, წყალმომარაგება და ა.შ. ფრანგული კომპანიის დახმარებით შევისწავლეთ ყველა ზვავსაშიში მიმართულებები, უზრუნველყავით ყველა საჭირო გეოლოგიური კვლევები.

2020 წლის მარტის ბოლოს დაგეგმილი გვქონდა 5 საერთაშორისო არქიტექტურული ბიუროს ვიზიტი, ბილეთებიც შეძენილი იყო, თუმცა ჩაიკეტა ავიამიმოსვლა და იცით, რომ 2021 წლის დასაწყისამდე ეს რეჟიმი შენარჩუნდა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ჩვენი უცხოელი სპეციალისტების თოვლის მოსვლამდე ჩამოყვანა და დღეს ფიზიკურად შეუძლებელია მუშაობა, ამიტომ აპრილიდან დავიწყებთ აქტიურ სამუშაოებს“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებელმა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო პროექტების ძირითად ნაწილს წელს და მომავალ წელს დაასრულებენ.

500-600 ნომრამდე იქნება ჯამურად მთელ კომპლექსში, ეს იქნება პირველი სტარტი და დარწმუნებული ვარ, მაგალითის ეფექტი ექნება სხვა კომპანიებისთვისაც; როგორც ბათუმში ლოკომოტივის ფუნქცია ვიკისრეთ, ვფიქრობთ, ბახმაროშიც ასე იქნება“, - აცხადებს ბიზნესმენი.

„ორბიში“ პირობას დებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა ადგილობრივ ლანდშაფტზე იქნება მორგებული და ის გარემოსთვის შეუფერებელი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობას არ მოიაზრებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს და წლიურად ასობით ათასი ტურისტის მოზიდვას შეძლებს.

„საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომ ხომ არ მივიღებთ აქ ბეტონის პროექტებს - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გენგეგმით გათვალისწინებულ კოეფიციენტსაც კი არ ვითვისებთ სრულად; ეს იქნება უნიკალური და მსოფლიოში სამაგლითო პროექტი და საშუალება იქნება, კურორტზე რამდენიმე ათასი ადამიანი დავასაქმოთ; ეს იქნება შესაძლებლობა გარშემო სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომ აქ გაყიდონ თავიანთი პროდუქტები - ხილი, ყველი, რძე და ა შ. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მარშრუტი უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა კვერღელიძემ და იქვე დასძინა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებსაც იკვლევენ.

მისივე ინფორმაციით, საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, იქნება ეს ელექტრომომარაგება, წყალომომარაგება თუ კანალიზაცია, „სახელმწიფოა ჩართული“.

„ბახმაროში შეიძლება მივიღოთ რამდენიმე ასეული ათასი ტურისტი. ბახმარო ჩვენთვის უფრო სინდიდის პროექტია. გვინდა, რომ ყველაფერი მაგრად გაკეთდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. 100 მილიონს დაემატება 20 მლნ-მდე და ჯამურად, 120 მლნ ლარამდე მაინც ჩაიდება ამ პროექტში. ჩვენ გვაქვს გეგმა, ლოკალურად ჩვენი ადგილის განვითარებას არ ვუყურებთ, დიდ ინვესტიციებს ვდებთ იმ კვლევებში, რაც ზოგადად კურორტის განვითარებას უკავშირდება. გვსურს მოეწყოს კარგი ბულვარი - 1.5 კმ-ის სიგრძის, საოჯახო დასვენების მიმართულებას სამთო-სათხილამუროც დაემატება, შესაბამისად, შესატყვისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა; პირველი ნიშნები უნდა გავაჩინოთ სავაჭრო ობიექტების, სამედიცინო მომსახურების, გართობის და დასვენების მიმართულებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ თუ სხვა კომპანიებიც ამოგვიდგებიან გვერდით, ეს უკვე ტექნიკური საკითხია, მთავარია, კურორტი რეგიონში მიზიდულობის ძალად იქცეს“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.