20.აგვისტო .2019 17:03

„ცხადი იყო, რომ ევროკავშირში ექსპორტის სწრაფი ზრდა ვერ გვექნებოდა“, - რაშია გამოსავალი?

views 314
უკან

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ძალიან კარგი შანსია საქართველოსთვის, თუმცა თავიდანვე ცხადი იყო, რომ სწრაფი ზრდა ექსპორტის მიმართულებით ვერ გვექნებოდა და ამას დრო სჭირდება“, - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ BMG-ისთან 2019 წლის 7 თვის ექსპორტის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 52.6%-ია, ევროკავშირის კი - 24%.

მისი თქმით, იყო მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ახალი საექსპორტი პროდუქტები შეგვექმნა, რომლებიც მეტად მოსახერხებელი იქნებოდა ახალ ბაზრებზე გასატანად, თუმცა იდეა დარჩა იდეად და რეალურად ვერ განხორციელდა.

„იმ ფაქტს, რომ საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 52.6%-ია, ევროკავშირის კი - 24%, აქვს ობიექტური საფუძვლები. ქვეყანაში არ არის თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა; გაუგებარია ხალხის მხრიდან მიდგომები და მოთხოვნები, არ იციან რეალურად რა არის ეკონომიკური ზარალი, სამუშაოებია ჩასატარებელი, მოსაკითხია რა შეგვიძლია შევქმნათ და შევთავაზოთ ევროკავშირს. არ კეთდება არაფერი და შესაბამის შედეგზეც გავდივართ ანუ ევროკავშირთან ვაჭრობა და ექსპორტი ძალიან ნელი ტემპებით იზრდება“, - აღნიშნავს ეკონომისტი.

ღაღანიძის შეფასებით, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ეფექტიანად ვერ იყენებს; ამასთან, ფიქრობს, რომ ძველ ბაზარზე დარჩენას და რუსეთთან პარტნიორობასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და კომპანიებს ვერ დაადანაშაულებს.

„მე ვერ დავადანაშაულებ კომპანიებს, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე რუსულ ბაზარზე გააქვთ; მათ არ აქვთ სერიოზული სტიმულები ახალ ბაზრებზე, ამიტომაც მოგებას სადაც ნახულობენ, იქ მუშაობენ. მათთვის მარტივია ღვინო და მინერალური წყალი გაიტანონ იქ, სადაც უკეთ იცნობენ, ნაკლები ხარჯია და თავის დამკვირდება აღარ უწევთ. მათი მესმის, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და მერე, როდესაც გაუარესდება მდგომარეობა რუსეთთან, შემდეგ მიხვდებიან თუ რატომ ვსაუბრობთ ამდენს ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიების უმეტესობას პროდუქცია დსთ-ის ქვეყნებში გააქვს, მაინც არიან კომპანიები, რომლებმაც წარმოებული პროდუქცია პირდაპირ ევროკავშირის ბაზარზე გაიტანეს და დღემდე წარმატებით ოპერირებენ.

„მათ შექმნეს ახალი საექსპორტო პროდუქტი და ეს არის ერთადერთი გამოსავალი ახალ ბაზრებზე გასვლის და თავის დამკვიდრების საქართველოსთვის“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა