მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამიგვიანეს პასუხი"-არველაძე გახარიასთან ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენისთვის გაგზავნილ წერილზე

5de663b80b338
დავით ჯალაღონია
04.12.19 11:00
1041
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს რევაზ არველაძეს ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა სურს და ამ საკითხის განსახილველად მან მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა.

როგორც არველაძე BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, მან პრემიერს არგუმენტებით მიმართა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო.

"პასუხი ძალიან დამიგვიანეს, უკვე სამი თვე ხდება, რაც გავაგზავნე ეს წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, მან თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა, რომ თავისი მოსაზრება წარუდგინოს და აქამდე არ არის... მე არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად დადებითი პასუხი უნდა მივიღო, მაგრამ რაღაც პასუხი ხომ უნდა მივიღო? - მე არგუმენტირებულად დავწერე, რატომ ვთვლი აუცილებლად სამინისტროს აღდგენას. კონტრარგუმენტები უფრო ძლიერი თუ იქნება, კი ბატონო, მაგრამ ხომ უნდა მივიღო რაღაც პასუხი", - განაცხადა არველაძემ.

პრემიერის გარდა, ეს საკითხი დეპუტატმა "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომაზეც დააყენა.

"მე უმრავლესობის სხდომაზეც დავაყენე ეს საკითხი. ეს არის ერთადერთი დარგი, რომლის გაჩერება სრულ პარალიზებას უკეთებს ქვეყანას. ამ დარგის მდგომარეობა უკან და უკან მიდის, განსაკუთრებით სამინისტროს გაუქმების შემდეგ და ეს წერილშიც აღვნიშნე. თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, არ შეიძლება მას ძლიერი ენერგეტიკული ბაზა არ ჰქონდეს", - აღნიშნა დეპუტატმა და იმის დამადასტურებლად, რომ ენერგეტიკის დარგს ცალკე სამინისტრო უნდა ჰქონდეს, ამ სექტორში ახალი კანონპროექტების განხილვისა და მიღების პროცესის გაჭიანურება დაასახელა.

"ენერგეტიკის სამინისტრო რომ ყოფილიყო, რაც ერთ წელიწადში გაკეთდა, ორ თვეში გაკეთდებოდა", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო, მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, 2017 წელს გაუქმდა.