“დამსვენებლები სასტუმროს წინასწარ აღარ ჯავშნიან", - ამის შესახებ bm.ge-ს მესტიაში მდებარე სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელმა განუცხადა.
თათია თეთრაშვილის თქმით, გასულ წლებში ამ დროისთვის უკვე წინასწარ მთელი ზამთრის ჯავშნები ჰქონდათ, პანდემიის გამო კი სპეციფიკა შეცვლილია. ამასთან მისივე განმარტებით, პანდემიამდე თუ დამსვენებლებს შორის ძირითადად უკრაინელები, პოლონელები და რუსები იყვნენ და სასტუმროში დაახლოებით 2 კვირა რჩებოდნენ, ახლა ტურისტები სასტუმროს არაბული ქვეყნებიდან ძირითადად 2-3 დღით სტუმრობენ.“სეზონი ახალი წლის პერიოდიდან დაიწყო, ადგილობრივებზე მეტად უცხოელი სტუმრები გვყავს. პანდემიის გამო ჯავშნების სპეციფიკა შეცვლილია, ამ დროისთვის წინასწარ უკვე მთელი ზამთრის ჯავშნები გვქონდა, ახლა არასტაბილური კოვიდსიტუაციის გამო სასტუმროს წინასწარ აღარ ჯავშნიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე თუ დამსვენებლები ძირითადად უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან გვყავდა, ახლა არაბული ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. ის სეგმენტი, რომელიც ორი კვირით ჩამოდიოდა, ჩაანაცვლა დამსვენებელმა, რომელიც ორი-სამი დღით რჩება”, - აღნიშნავს თათია თეთრაშვილი.
ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდე”, რომელიც მესტიაში 10 კოტეჯს აერთიანებს, წელს უკვე დამსვენებელს სპა მომსახურებასაც შესთავაზებს.