მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ებრალიძე აუდიტის დასკვნაზე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პასუხობს

5dc9777c72c29
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.19 09:45
1629
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის ფინანსური ანგარიშის აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სამინისტროს საბალანსო უწყისი მნიშვნელოვან ხარვეზებს მოიცავს, კონკრეტულად კი, მასში 730 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები არასწორად არის აღრიცხული. ამასთანავე, აუდიტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის სამინისტროში ქონების აღრიცხვის სისტემა გაუმართავია. ამ განცხადებას უპასუხა თავდაცვის სამინისტრომ. უწყების განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებით სამინისტროში ქონების აღრიცხვის გამართვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს 2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე.

როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, სამინისტროს აქტივების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით, მისი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მინისტრის ცვლილებასთან ერთად, მალევე აღნიშნული პროცესი შეჩერდა.

"თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებულ 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 730-მილიონიან "უზუსტობაზე" საჯარო პასუხი გასცა, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო ამბობს: „სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება. აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა.

თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო. გეგმის თანახმად, ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს“.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია მცდარია. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის პროცესი თავდაცვის სამინისტროში ეხლა კი არ დაიწყო, არამედ 2015-ში. ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამაც მაშინ დაიწერა და არამხოლოდ ეს, არამედ, შეძენილ იქნა ძვირადღირებული სპეციალური ტექნიკა უძრავი ქონების კოორდინატთა სისტემის დასადგენად, ასევე სასაწყობო მეურნეობის საქონელბრუნვის შტრიხკოდირებით აღრიცხვის საწარმოებლად. დაიწყო მასშტაბური ინვენტარიზაცია, აიკრძალა არაშტრიხკოდირებული საქონლის თავდაცვის სამინისტროში მიღება, საფინანსო მართვის მოდელი შეიცვალა. ამან გამოიწვია ის, რომ 2016 წლის აგვისტოს, ჩვენი სამინისტროდან წამოსვლისას სამინისტროს ბალანსზე უკვე მილიარდნახევრით მეტი ღირებულების ქონება იყო აღრიცხული. ეს ყველაფერი ასახულია ასევე სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიშშიც, როგორც მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესი.

აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება არამგონია სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობისგან რომ მოდიოდეს, ისინი ახლები არიან, მათ საიდან უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენი სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ ყველა ზემოთნახსენები პროცესი (როგორც სხვა პროცესები) შეწყვიტა ჩვენს შემდგომმა ხელმძღვანელობამ და იმ ხალხის უმეტესობა ვინც ამას აკეთებდა სამინისტროდან გაუშვეს ან ფუნქცია შეუცვალეს.
ასეთი რამეები რომ არ ხდებოდეს სახელმწიფო უწყებებში და ბევრ სხვა მიზეზთა გამო, მინდა ხელისუფლებას ვურჩიო შეცვალოს სამინისტროების პოლიტიკური ხელმძღვანელობის არსებული მოდელი.

უმჯობესია, თუ მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე სამინისტროს პოლიტიკური მმართველობიდან გამოვა და საჯარო მოხელეს სტატუსით იქნება, რათა მინისტრის ცვლილებისას ავტომატურად არ იცვლებოდეს. ამით, მართვის სტაბილურობას და ისტორიულ მეხსიერებას შეინარჩუნებს სამინისტრო და ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებით, როდესაც ყოველი ახალი მინისტრის მოსვლით ველოსიპედს ახლიდან ვიგონებთ,”- აღნიშნავს დავით ებრალიძე.