მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

60a624a49c3cf
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 13:00
661
დღეს, 14:00 საათზე, ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ბორჯომის N1 ქარხნიდან (თორის ქუჩა 39) ბორჯომის N2 ქარხნამდე (სოფელ ყვიბისამდე) საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მსვლელობას ბორჯომის მოსახლეობაც შეუერთდება.

„კომპანია კონტაქტზე არ გამოდის. მოლაპარაკება კომპანიას და დასაქმებულებს შორის არ შედგა. მათ ჰქონდათ სურვილი, რომ მოლაპარაკებები პროფკავშირების გარეშე ეწარმოებიათ, მაგრამ გაფიცულები ამას არ დათანხმდნენ. დღეისთვის ვაგრძელებთ პროტესტს მსვლელობით და მანამდე გაგრძელდება ეს, სანამ დასაქმებულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - უთხრა BM.GE-ის აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ.

პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების ზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონა, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაა. დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ. გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, რომელიც დასაქმებულთა თქმით უშედეგოდ დასრულდა. პროფკავშირების ცნობით, გაფიცვაში 400-მდე დასაქმებული მონაწილეობს.

„გაფიცვის ორი დღის განმავლობაში კომპანიისგან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და ტელევიზიაში გამოჩენის გამო“, - აღნიშნავენ პროფაკშვირში.

რაც შეეხება „IDS ბორჯომი საქართველოს“ პოზიციას, მათი განცხადებით გუშინ გაფიცვის შედეგად კომპანიამ ორივე ქარხნის მუშაობა დროებით შეაჩერა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ „კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა.

"ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი, თუმცა სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს“.