მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Edison.ge" სამედიცინო სარქველის რეპლიკის პროექტზე მუშაობს - "მას შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს"

5e80d94a58ee1
ნუცა ბაზლიძე
30.03.20 09:00
1064
„Edison.ge“ სამედიცინო სარქველის რეპლიკის პროექტზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი ძვირადღირებული სარქველების ჩანაცვლებას მოიაზრებს, რაც ექსტრემალურ სიტუაციაში, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების დახმარების თვალსაზრისით, შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი საშუალება აღმოჩნდეს.

როგორც „Edison.ge“-ს დამფუძნებელი გივი ბერიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, აღნიშნული იდეა იტალიაში განხორციელებული პრეცენდენტის შედეგად გაჩნდა.

„აღნიშნული საშუალება ჟანგბადის ბალონს აკავშირებს ვენტილატორთან. როდესაც ფილტვები ვეღარ ასრულებს ფუნქციას, ვენტილატორი ეხმარება სუნთქვაში. რა თქმა უნდა, ორიგინალი უკეთესია, ეს კი რეპლიკაა, თუმცა მას შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს“ , - აღნიშნავს გივი ბერიძე.

ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლები თადარიგს იჭერენ და სარქველების რეპლიკების სხვადასხვაგვარ ვარიაციებზე მუშაობენ, სამომავლოდ კი, საჭიროებისამებრ, გამოხმაურებას ელოდებიან.

„ეს მოდელი ყველა სასუნთქი მოწყობილობისთვის ცალ-ცალკე მზადდება, ამიტომ თადარიგს ვიჭერთ; ეს რომ დაგვჭირდეს, 1-2 დღეში ვერ გაკეთდება“ - განმარტავს გივი ბერიძე.

ძვირადღირებული საშუალების ჩანაცვლების თვალსაზრისით, კომპანიის დამფუძნებელი პრობლემებს არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, რაც მეტად პრიორიტეტულია.

ცნობისთვის, „Edison.ge“ დაახლოებით 2 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მისი საქმიანობა, ძირითადად, მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობების შექმნას მოიაზრებს.