მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგორეფორმების პროცესში საქართველო 10 - ბალიან სკალაზე 2 ქულაზეა - თვალაბეიშვილი

60be283072bfc
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.21 18:16
950
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ენერგორეფორმების ჩატარების თვალსაზრისით აღებული ვალდებულებები მრავალწლიან პროცესს წარმოადგენს. მამუკა ხაზარაძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუკი 10 ბალით აღვნიშნავთ ყველა განსახორციელებელ ენერგეტიკულ რეფორმას, მაშინ მათი განხორციელებით საქართველო ჯერ-ჯერობით 2 ქულაზე იმყოფება. ნათია თურნავას მოადგილის თქმით, თუკი 10 ქულად შევაფასებთ იმას, რისი ჩატარება შეეძლო აქამდე საქართველოს, ამ მხრივ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები 7-8 ქულაზე უნდა შეფასდეს.

“კითხვაზე, თუ სად ვართ ევროკავშირთან ვალდებულების სახით აღებულ ენერგეტიკულ რეფორმებში ეტყვით, რომ მხოლოდ დასაწყისში ვართ. 10-ბალიან შკალაზე, რასაც შევაფასებთ ვართ ალბათ 2-ზე. ეს არის გრძელი პროცესი და 10 ბალამდე რომ ავიდეთ ალბათ 10 წელი დაგვჭირდება, რომ ყველა ცვლილება განვახორციელოთ. მაგრამ თუ ავიღებთ სხვა შკალას ანუ რისი გაკეთება შეგვეძლო და რა გავაკეთეთ ამ შკალაზე 10-დან 7-8 ქულაზე ვართ. მე ვფიქრობ, რომ კარგად მივდივართ. ურთულესი თემები და საკითხებია მთლიანად. ამჟამად ჩვენ ენერგეტიკაში ვართ თვიურ დაგეგმვაზე და უნდა გადავიდეთ საათობრივ დაგეგმვაზე. ყოველ საათში იქნება თითო ფასი და ამ შედეგის მიღწევამდე რეფორმების პროცესში ვართ საკმაოდ კარგად. მთავარი ჩვენი პრობლემაა, რომ ზედმეტად არ ვიჩქაროთ და ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რომელსაც მერე ვინანებთ და ამას გავლენა ჰქონდეს ენერგეტიკაში რეფორმების მიმდინარეობაზე,”- განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების ჩატარების პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. მათ შორის 6 თვით გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების პროცესი, რომელიც 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.