მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-მ გვაცნობა, რომ 1 თვეში გეგმავენ ხელშეკრულების მოშლას - ეკონომიკის სამინისტრო

614b3de32b004
შოთა ტყეშელაშვილი
22.09.21 18:28
2440
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური კომპანიის მიერ აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. თავად ENKA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ეკონომიკის სამინისტრომ, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ ახლახანს მიმართა უწყებას და აცნობა, რომ 1 თვის ვადაში განიხილავენ ხელშეკრულების მოშლას. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა.

მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ENKA-ს განცხადება:

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ENKA-სთან მოლაპარაკების შემდე კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა - ამ მორატორიუმს უნდა ემოქმედა იქამდე, სანამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დეტალური შესწავლა არ მოხდებოდა. მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, დაიწყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის პროცესი, თუმცა აღნიშნული მედიაცია ჰიდროელექტროსადგურის მოწინააღმდეგე მხარემ დატოვა.

ამასთანავე, 2021 წლის ივნისში პროექტთან დაკავშირებით არსებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკული განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს," - განაცხადა პრემიერმა. 

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. თავის მხრივ, სამინისტრომ "ნამახვანჰესზე" ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა. ეს საერთაშორისო იურიდიული კომპანია - CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP-ია. აქედან ერთ თვეზე ნაკლებ დროში თავად ENKA-მ განაცხადა, რომ პროექტზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.