მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტით ჩვენი საინვესტიციო იმიჯი ძალიან დავარდა - ენერგეტიკოსი

614b269844e57
ინგა მურუსიძე
22.09.21 17:08
1037
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი "ნამახვანჰესის" ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ენერგეტიკოსი გია არაბიძე BM.GE-სთან ინვესტორი კომპანიის გადაწყვეტილების ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს.

„ეს ძალიან ცუდია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მთავრობა; მთავარია, რომ ამით ჩვენი საინვესტიციო იმიჯი ძალიან დავარდა. ისედაც არ იყო მაღალი და ახლა კიდევ უფრო მეტად დავარდა. მეორე საკითხია, რომ ENKA არ დაიხურავს ქუდს და არ წავა. ის აუცილებლად მოითხოვს მინიმუმ იმ თანხებს, რაც დახარჯა და გადაიხადა. ჩვენ ვიცით 34 მლნ, რაც მარტო მოსახლეობისთვის გაცემული კომპენსაციებია. გარდა ამისა, იქ ჩატარდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამდენად, მოგვიწევს სერიოზული ბრძოლა და ომი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა არაბიძემ.

მისივე თქმით, "მომხდარში დამნაშავეა ყველა, ვინც ის პროცესი არ შეაჩერა, რაც მიმდინარეობდა".

ამასთან, ენერგეტიკოსი bm.ge-სთან საუბრისას ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ საქართველომ გამოცდილებით ვერაფერი ისწავლა - "ვიდრე ბარს დაარტყამ, მოსახლეობასთან ურთიერთობა უნდა მოაგვარო, მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი სწორად ფიქრობს, თუ არასწორად".

„არ მინდა თითი დავადო ვინმეს, ყველა დამნაშავე ვართ, ალბათ მეც,  რადგან მივუშვით საქმე იქამდე, რომ აქამდე მივიდა პროცესები - ქუჩების გადაკეტვამდე, დემონსტრაციებამდე და ლამის რევოლუცია მოხდა ამის გამო, რაც ძალიან ცუდია, რადგან რაც შემდგომ დავიწყეთ - ვგულისხმობ იმას, რომ ეკონომიკური და იურიდიული მხარე შეემოწმებინა ინგლისურ კომპანიას, საკონსულტაციო ჯგუფები შეიქმნა და ა.შ.; როცა ვიცით ჩვენი მოსახლეობის განწყობა, რისკები უნდა გავთვალოთ. ეს რისკები მარტო ინვესტორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. საჭიროა, მოსახლეობის მეტი ინფორმირება“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.

გარდა საინვესტიციო გარემოს დაზიანებისა, ენერგეტიკოსი ელექტროენერგიის იმპორტის მხრივ არსებულ პრობლემებზეც საუბრობს.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საიდან უნდა მოვიტანოთ ამდენი ელექტროენერგია?! ხომ ხედავთ რა სიტუაციაში ვართ? იმპორტი იზრდება და იზრდება. ეს საშინელებაა ჩვენი ეკონომიკისთვის“, - ამბობს გია არაბიძე.