მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეპიდემიის მძევალი ახლა ეკონომიკაა” - ბიძინა კულუმბეგოვი

5fc38f1eee3fd
თამუნა ქემერტელიძე
29.11.20 16:36
1806
"ეპიდემიის მძევალი ახლა ეკონომიკაა”-ეს განცხადება Tv პირველის ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა. კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჩვეულებრივ რეჟიმში დატოვების შემთხვევაში, დეკემბერში საქართველოში საშუალოდ 7-8 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა, ხოლო იანვარში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება 150 ადამიანზე ასულიყო.

“ეს არის ის კატასტროფული სცენარი, რომლის საპირწონედ არაფერი არ დევს. ახლა სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებების დროა და არა კრიტიკის. კრიტიკის დროც მოვა. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ უკეთესი ჯანდაცვის სისტემა აქვს ვინმეს, ვიდრე გერმანიას, ავსტრიას, ისრაელს და საფრანგეთს, მაგრამ ეს ქვეყნებიც ვერ გაუმკლავდნენ სიტუაციას ლოქდაუნის გარეშე. აწყობილი ჯანდაცვის ქვეყნები ვერ უმკლავდებოდა პანდემიას. მაგ. ნიუ-იორკიდან ათობით ქართველი მირეკავდა -არავინ ყურადღებას არ გვაქცევსო”;-აცხადებს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, მხოლოდ ლოქდაუნის იმედად ინფექციის კონტროლი ვერც ერთმა ქვეყნამ ვერ შეძლო და მით უფრო საქართველო ვერ შეძლებს, თუ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა არ გაიზრდება. კულუმბეგოვს მაგალითად მაღაზიებში არსებული სიტუაცია მოჰყავს და აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის მაღაზიათა 99% -ში დეზობარიერი სველი არაა და ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა. გარდა ამისა, ალერგოლოგ-იმუნოლოგის ინფორმაციით, საქართველოში ნიღაბს მოსახლეობის მხოლოდ 58% ატარებდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლია.

“თუ ადამიანების 90% გამოიყენებდა ნიღაბს ინფექციის გაკონტროლება ლოქდაუნის გარეშეც შეიძლებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1500 შემთხვევაზე ჩამოვიდა 4-6 კვირაში”-აცხადებს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, 28 ნოემბრიდან დაწყებული შეზღუდვები რიცხვებში რამდენიმე კვირაში აისახება.

“ერთი რამ უნდა გვესმოდეს... 28 რიცხვიდან დაწყებული შეზღუდვები, 27-26 რიცხვებში დაავადებულ ადამიანებს ვერ შეაკავებს, რადგან ვირუსს 11-14 დღე ინკუბაციის პერიოდი აქვს. ამიტომ ჩვენ 2 კვირა უნდა ავითვალოთ აქედან. ჯერჯერობით ამ ციფრებზე ამას გავლენა ვერ ექნება. სტაბილიზაციას სავარაუდოდ 2-3 კვირის შემდეგ დავინახავთ, ხოლო სიკვდილობის მაჩვენებელზე ეს გვიან აისახება”-აცხადებს კულუმბეგოვი.

ხოლო კითხვაზე, სად შეეშალა ხელისუფლებას, კულუმბეგოვი განმარტავს, რომ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც განსაკუთრებით ზაფხულში მოდუნდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სვანეთის მსგავსად არ მიიღო ბათუმის ჩაკეტვის გადაწყვეტილება. ასევე ნაადრევად გაიხსნა ბაღები და სკოლები. გარდა ამისა, არც ოპოზიცია და არც პოზიცია არ ყოფილი ერთსულოვანი იმაზე, რომ არჩევნების დრო არ იყო.

“ახლა ეკონომიკაა ეპიდემიის მძევალი. ძალიან ცუდ, მანკიერ წრეში ვართ, რთულია ვინმემ ახლა აქედან გამოსავალი იპოვოს. თუ ვინმეს რამე გასაღები აქვს, გამოვიდეს. კრიტიკა ცოტა და ბევრი საქმე. საკრიტიკო ბევრია, მაგრამ ახლა ამის დრო არაა" -აცხადებს კულუმბეგოვი.