მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპიდან ტვირთის ტრანსპორტირება გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაძვირდა” - Kairos Logistics

623b3b15dde59
ანუკა ჯოხაძე
23.03.22 20:22
1866
დიზელის ტიპის საწვავის საერთაშორისო ფასი მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.

ტარიფების ცვლილება მოუწიათ კომპანია Kairos Logistics-შიც, რომლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არსებული ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, გრძელვადიან ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა.

მიხეილ ნამადოვის თქმით, რუსეთის მიმართულებაზე ტარიფი ორჯერ არის გაზრდილი. გაძვირებულია ევროპის მიმართულებაც, სადაც ტარიფების ზრდის ძირითადი ფაქტორი დიზელის ტიპის საწვავის გაძვირება იყო.

“ომმა მთლიანად შეცვალა რეგიონული მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე რომ უკრაინა და რუსეთი ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. თუ ავიღებთ რუსეთის მიმართულებას, ტარიფი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. უკრაინიდან თითქმის გაჩერებულია. ჩვენს იმპორტიორებს მოუწიათ ევროპის ბაზარზე გადართვა, საიდანაც ტრანსპორტირება ისედაც ძვირია და ამას დაემატა ისიც, რომ ევროპაში თითქმის 2 ევროა დიზელის ღირებულება. ტრანსპორტირების გაძვირება ჯერ კიდევ შარშან ეკონომიკის აღდგენასთან ერთად დაიწყო. ეს შეეხო სახმელეთო გადაზიდვებსაც. ამას ემატება დღეს საწვავის გაძვირება და ომი. ამის გარდა ლარსის გამშვები პუნქტი დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა და დაახლოებით 3 კვირაა ტრაილერი საზღვარზე გვიდგას და არც ვიცით როდის შემოვა.

ტვირთების შემოტანაზე ევროპიდან შარშანდელ ტარიფებთან შედარებით 30%-იანი ზრდა შეინიშნება. ეს პირდაპირ არის მიბმული დიზელის ფასზე, იქიდან გამომდინარე რომ ევროპაში დიზელის ფასი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ამასთან ერთად, საქართველოს გარდა არსებობენ სხვა ქვეყნებიც, იგივე შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებიც ასევე ევროპის ბაზრებზე გადაერთნენ. ასე რომ მოთხოვნა უფრო ჭარბია, ვიდრე მიწოდება", - აცხადებს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.