მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: "სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგამდე"

5da181d680fc2
თელარა გელანტია
12.10.19 11:33
963
„სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგამდე, რომლის მონიჭების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რომ ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც Standard & Poor's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის - "BB მინუსიდან" BB-მდე გაუმჯობესება შეაფასა. განახლებული რეიტინგის პროგნოზი "სტაბილურია."

მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ თავად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაზე დაყრდნობითაც სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაზარდა.

„პირველ რიგში, Standard & Poor's-ი აღნიშნავს, რომ მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ. აქაა ნახსენები რამდენიმე რეფორმა. მათ შორისაა განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, კერძოდ დღგ-ის დაბრუნების თემა.

მეორე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც გააუმჯობესა რეიტინგი, ესაა ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ, როგორი ხარისხისაც აქამდე არ ყოფილა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ Standard & Poor's-ის ეს მიმოხილვა მოიცავს ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ესეც აღნიშნულია და ინკორპირირებულია ამ მიმოხილვაში, რომ მიუხედავად იმ მოვლენებისა, რომელიც ზაფხულში გაჩნდა ტურიზმთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია და ასევე საინტერესოა, თუ როგორ უყურებს სააგენტო მომავალს - 2019-2012 წლების მონაკვეთს. ის ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე მეტად მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონალურ მეზობლებთან შედარებით. ეს ასევე ემთხვევა სსფ-ის მოსაზრებას“, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიმოხილვაში ხაზგასმულია საქართველოში ხელისუფლების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში შეცვლა, რაც ინსტიტუციური გარემოს სტაბილურობაზე მიუთითებს.

„ზოგადად, რაც შეეხება თვითონ ეკონომიკის სტრუქტურის შეფასებას, სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება და ეს საკმაოდ მყარი მაჩვენებელია. 2018 წლის ინვესტიციების მოცულობაა აღნიშნული, როგორც შიდა, ისე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. შესაბამისად, ეკონომიკის ის სიჯანსაღე და მედეგობა, მდგრადობა იმ შოკების მიმართ, რომელიც როგორც წესი ხდება და მითუმეტეს ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიც ჩვენ ვართ, ეს განაპირობებს ამ პოზიტიურ ხედვას საქართველოს მიმართ და იმედია, ეს კიდევ გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება სუსტ მხარეებს, ვანო მაჭავარიანის თქმით, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ რჩება ჩვენი ეკონომიკის სიმცირე.

„ეს პირველ რიგში, იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენ ზოგადად ისტორიულად მცირე ეკონომიკა გვაქვს და ესაა ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, ამიტომ მდგრადი ეკონომიკური ზრდა და რეფორმები ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მთავარი სისუსტის აღმოფხვრამდე, რასაც ჩვენი ეკონომიკის სიმცირე ჰქვია“, - დასძინა ფინანსთა მინისტრმა.