მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაზაფხულის "ლოქდაუნით" თითქოს სიცოცხლეები დავზოგეთ, მაგრამ ახლა ორმაგ მსხვერპლს ვიღებთ”

5fc4d11437d23
ინგა მურუსიძე
30.11.20 15:13
783
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის სტატისტიკური მაჩვენებლების გამო აკრიტიკებს და განმარტავს, თუ რატომ ამბობდა პანდემიის დასაწყისში, რომ საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში სომხეთს და აზერბაიჯანს ჩამორჩებოდა.

საქმე იმაშია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 135 584 covid-ინფიცირებულია გამოვლენილი, სომხეთში - 135 124, ხოლო აზერბაიჯანში - 118,195. ყოველდღიურად საქართველოს და აზერბაიჯანს საშუალოდ 4 ათასის ფარგლებში ახალი ინფიცირებული ჰყავთ, ხოლო სომხეთს 1300-მდე. რაც შეეხება გარდაცვალებას, საქართველოში COVID-19-მა 1 267 მოქალაქე იმსხვერპლა, სომხეთში - 2 164 და აზერბაიჯანში - 1 361.

„მაისში ვთქვი, კოვიდთან ბრძოლაში სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენზე წინ არის-მეთქი და შევატყვე, ბევრს ეს განცხადება არ ესიამოვნა - ზოგს იმიტომ, რომ გულუბრყვილოდ ავყევით მთავრობის პიარს, რომ "კოვიდზე გავიმარჯვეთ" და ზოგსაც იმიტომ, რომ ეთნონაციონალისტური ჯიბრი შურის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაირსახეობაა.

შევეცდები, კიდევ ერთხელ ავხსნა, რას ვგულისხმობდი მაშინ:

- მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები თებერვალშივე აცხადებდნენ, რომ COVID-19-თან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად გამართული სტატისტიკური სურათი, როდესაც ქვეყნები შეიძლება ერთმანეთს შეადარო, გვექნებოდა 2-3 წლის თავზე;

- შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდრეს ტეგნელი დაჟინებით იმეორებს: “ახლა ნუ მთხოვთ პასუხს, პასუხი მომთხოვეთ 2-3 წლის შემდეგ”. მისი ვარაუდით, "ლოქდაუნიან" და "ულოქდაუნო" ქვეყნებში იქნება თითქმის თანაბარი სტატისტიკა (დემოგრაფიული პარამეტრების - ურბანიზაცია, სიმჭიდროვე, ოჯახის სტრუქტურა, სიცოცხლის განგრძლივობა, საშუალო ასაკი და ა.შ. - გათვალისწინებითა და სტატისტიკური შეწონვით)

- მაისშივე იყო ნათელი, რომ ამ ეპიდემიის შეკავება შეუძლებელია. ვირუსის გავრცელების მაღალი სიჩქარე აქვს იმ ქვეყნებს, რომელიც ჩვენსავით "წარმატებით" გაუმკლავდა ეპიდემიას გაზაფხულზე. ზამბარის ეფექტი სახეზეა: რაც უფრო მაგრად შევკუმშეთ ზამბარა გაზაფხულზე, მით უფრო მტკივნეულია მისი დარტყმის ეფექტი შემოდგომაზე.

- სინამდვილეში, რაც უფრო მართვადი იქნებოდა ეპიდემია მაისიდან, მით ნაკლები "ზამბარის ეფექტი" გვექნებოდა შემოდგომაზე. გაზაფხულის გაუმართლებელი "ლოქდაუნით" თითქოს სიცოცხლეები დავზოგეთ, მაგრამ ახლა ორმაგ მსხვერპლს ვიღებთ”, - წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.