მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვაქვს კურორტები: ბეშუმი, შოვი... რატომ არ უნდა გავაგზავნოთ ეს მესიჯები პოსტკოვიდ სამყაროში?!“

600ef66e978ac
ელენე გოგბერაშვილი
25.01.21 23:00
1324
ღია წერილის გაგზავნის შემდეგ ტურიზმის სექტორმა მთავრობას დღეს ტურიზმის გახსნის 5-პუნქტიანი გეგმა ოფიციალურად ჩააბარა.

კერძო სექტორის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები, რესტორნები, მუზეუმები, ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო საზღვრები 1 თებერვლიდან უნდა გაიხსნას.

ბიზნესი ამტკიცებს, რომ კურორტებზე ამ პერიოდში მობილობა მაღალი აღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის, ხოლო სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ქვეყანაში ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა.

წერილში, რომელიც ტურიზმის სექტორმა მთავრობას გაუგზავნა, მათ შორის საუბარია ქვეყნის უსაფრთხო გახსნის წესებზეც. ბიზნესი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან ბევრი კომპანია ფუნქციონირებას შეწყვეტს.

„ტურიზმის ინდუსტრია საერთოდ ვერ იარსებებს ამ პირობებში თუ არ მოხდა გათვალისწინება ჩვენი რჩევების და თუ სტრატეგია გადავიდა შემოდგომაზე, ტურისტული კომპანიების დიდი ნაწილი ალბათ ვერ გადარჩება, ასევე სასტუმროები.. ამასობაში მსოფლიოს სხვა ქვეყნები გაიხსნება და ის პოტენციური ტურისტი, რომელიც ჩვენთან უნდა მოსულიყო, წავა მათთან და ამ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ არა იმას, რაც ხვალ უნდა გვქონოდა, დავკარგავთ იმას, რაც ზეგ უნდა გვქონოდა, და ორი წლის მერე.

ამიტომ სასწრაფოდ არის ნაბიჯები გადასადგმელი, რომ მანამ სანამ სხვები დაკეტილები არიან, ვისარგებლოთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს კურორტები, როგორიც არის ფილტვებისთვის ბეშუმი, შოვი, პოსტკოვიდ სამყაროში რატომ არ უნდა გავაგზავნოთ ეს მესიჯები, რომ საქართველოში იმოგზაურეთ, ჩამოდით ამ კურორტებზე, კურორტების გაპიარებაც მოხდება და სხვებსაც დავასწრებთ. სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი“, - აცხადებს „გუდაური ლოფტისა“ და „გეოგრაფის“ მმართველი მაია მურაჩაშვილი.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან საერთაშორისო რეგულარულ ავიარესებზე შეზღუდვებს ხსნიან, თუმცა, თუ როდის შეძლებს უცხოელი ტურისტების მიღებას ქვეყანა, ჯერ უცნობია.