მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაგო ბიტარიშვილი: ყურძნის სუბსიდირება არასდროს არის გამოსავალი, ამას არ მოაქვს შედეგი

5ef1101c85ebb
თამთა ჯიჯავაძე
23.06.20 00:08
2381
მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ ყურძნის სუბსიდირება არასოდეს არის გამოსავალი. როგორც bm.ge-სთან საუბრისას მეღვინემ განაცხადა, მსგავს ნაბიჯებს აქვს მხოლოდ ერთჯერადი შედეგი და არ არის მომავალზე ორიენტირებული.

„მივესალმები იმ პერიოდს, როდესაც ხელისუფლება ნელ-ნელა გამოდიოდა ამ სუბსიდირების პროგრამიდან. თუმცა, მესმის ახლანდელი სიტუაცია. ამავე დროს მიმაჩნია, რომ სუბსიდირება არასდროს არ არის გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმით, მევენახეებისთვისაც კი. ამას არ მოაქვს შედეგი. ამას აქვს ძალიან მარტივი ერთჯერადი შედეგი და არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური დახმარება. საქმე იმაშია რომ არამარტო ახლა, ყოველთვის, ეს თემა იმდენად პოლიტიზირებული იყო, რომ ყველა ხელისუფლება იყო ამის მძევალი და შესაბამისად იძულებული იყვნენ რომ გაკეთებინათ სუბსიდირება. არ არის გამორიცხული რომ წელსაც იგივე ხდება“, – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

მისივე თქმით, მისი სურვილია რომ მოხდეს ამ დარგის დეპოლიტიზირება, რათა „ჯანსაღ რელსებზე გადავიდეს სექტორი“.

„მევენახეებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მათთვის გამოსავალი. ყოველწლიურად იგივე პრობლემები ექნებათ, თუ სუბსიდირების იმედზე იქნება ყველა. ჯობია სუბსიდირების თანხა განვითარებას მოხმარდეს, მევენახეები განვითარდნენ, რომ აღარ დასჭირდეთ დახმარება“, – აღნიშნა მეღვინემ.

მისივე თქმით, ახლანდელი სისტემა ღვინის ხარისხის გაურესების რისკებსაც წარმოშობს.

„ახლანდელი სისტემა არის ის, რომ რაც არ უნდა ყურძენი მოგიტანონ, შენ იძულებული ხარ ჩაიბარო, როგორც ღვინის მარანმა. ვერც კითხულობ მის წარმომავლობას, ადგილმდებარეობას, ხოლო ღვინოს განსაკუთრებული ადგილი და ხარისხი სჭირდება. წარმოიდგინეთ კოვიდის პირობებში, როგორი რთული იქნება იმ ღვინის რეალიზება“, – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას.