17.იანვარი .2022 15:43

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიაზე რამდენიმე ათეული მლნ ლარი დაიხარჯება - ნარმანია

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიაზე რამდენიმე ათეული მლნ ლარი დაიხარჯება - ნარმანია
views 955
უკან

მიმდინარე წელს, საქართველოს დაახლოებით 1 მილიონ მოქალაქეს, ელექტროენერგიის ტარიფის ხარჯი დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სუბსიდია შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე ნაკლებია.

ამ თემაზე დამატებითი განმარტება დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გააკეთა, რომლის თანახმად, წელს სუბსიდიის აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდება.

"მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზრდი - 3.5 თეთრი დაუფინანსდება იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და 150 ათას ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ. მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზრდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. ასეთი, ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტთა რაოდენობა 310 ათასზე მეტია, თუმცა მოსახლეობა - თითოეულ ოჯახში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე გადამრავლების მიხედვით, მილიონ მოქალაქეზე მეტია.

პროექტის და შესაბამისად, ტექნიკური დეტალების კომპანიებთან შეჯერებას მარეგულირებელი კომისია განახორციელებს. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, აბონენტი, რომელთაც დაუსუბსიდირდებათ აღნიშნული ტარიფის ნაზრდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი ტარიფიდან 3.5 თეთრი არის დასუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, სემეკ-ის თავმჯდომარემ გასულ წლებში მოქმედ სუბსიდირების სქემებთან შედარებით, ახალი პროგრამის განსხვავებაზეც ისაუბრა.

"2020 და 2021 წლები იყო კოვიდ პერიოდთან დაკავშირებული განსხვავებული ტიპის გადაწყვეტილებები სამთავრო საკოორდინაციო საბჭოსი, რომლის მიხედვით 2020 წელს ფინანსდებოდა მარტი-მაისისა და შემდეგ, ნოემბერი-დეკემბრის პერიოდები, ამას შეიძლება დავარქვათ ზამთრის პერიოდის სუბსიდირება. ისევე რიოგორც 2021 წელსაც დიდწილად ასე იყო. ამდენად ეს ახალი პროექტი განსხვავებულია ყველაფრისგან, რადგან სრული წლის განამვლობაში მოხდება ტარიფის ნაზრდის დაფინანსება, შესაბამისად, აქ ცოტათი განსხვავებული მდგომარეობა გაქვს.

რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, თუ რამდენით დაფინანსდება, ეს თვეების მიხედვით განსხვავებულია, რადგან მონაცემთა ბაზაშიც, თვითონ სოციალურად დაუცველები, რაღაც პერიოდი ხან მეტრია, ხან - ნაკლები და ეს ყოველ გადამოწმებაზეა დამოკიდებული. სოც.დაუცვლეთა ბაზა ყოველთვიურად მიეწოდება კომპანიებს", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მთავრობა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა, არამედ მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ნაწილსაც უსუბსიდირებდა ელექტროენერგიის ხარჯს, რადგან 2021 წლის 1 იანვრიდან, "თელმიკოსა" და "ეპ მიწოდების” აბონენტებისთვის ელექტროენერგია გაძვირდა და მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. "თელასის" ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, "ენერგო-პროს" 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.

სემეკ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ამ სუბსიდიაზე 54.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათ შორის სამომხმარებლო აბონენტების მიერ მიღებული თანხა - 46.2 მილიონი ლარი, კომერციული აბონენტების მიერ მიღებული თანხა კი 8 მილიონი ლარი იყო

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა