მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი და ქმედით ნაბიჯებსაც გადადგამენ – ყარალაშვილი ახალ ბიზნესომბუდსმენზე

6203ffa952dbe
ანუკა ჯოხაძე
10.02.22 12:38
639
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოთარ დანელია დანიშნა.

ახალი ბიზნესომბუდსმენის დანიშნვნის შესახებ ბიზნესმა მედიის საშუალებით შეიტყო. კერძო სექტორის წარმომადგენლები დღეს ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათთან არ შეთანხმებულა.

სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი, ლევან ყარალაშვილი, ამბობს, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია კერძო სექტორთან არ ყოფილა.

“დაახლოებით ცამეტმა ბიზნესასოციაციამ თავის დროზე მთავრობას შესთავაზა, რომ  ამ პროცესებში ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა და ბიზნესომბუდსმენი ჩვენთან შეთანხმებით დანიშნულიყო. მზად ვიყავით, ფინანსური ტვირთიც აგვეღო და დაგვეფინანსებინა ამ ინსტიტუტის მუშაობა. ეს იდეა თავის დროზე სხვადასახვა მინისტრებისგან მოწონებული იყო, მაგრამ ისევ კედელს შევეჩეხეთ. დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ გვყავს ახალი ბიზნესომბუდსმენი. არანაირი კონსულტაციები ბიზნესთან ამ მიმართულებით არ ყოფილა.

ბატონ ოთარს(დანელია) ვიცნობ პირადად და საკმაოდ კარგი პროფესიონალია. თუმცა რამდენად აქვს მას ბოლო პერიოდში, თუ არ ჩავთვლით, ქალბატონ ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრების ფორმატს, რაიმე კონკრეტული შეხება ბიზნესთან, არ ვიცი. რა ხედვით წარდგება და როგორ გაუწევს მედიაციას ამ ურთიერთობას, ამას დრო აჩვენებს. ფრთხილი ოპტიმიზმით ვუდგებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ბიზნესომბუდსმენი და ახალი ეკონომიკის მინისტრი დაიწყებენ იმით, რომ ბიზნესს მოუსმენენ. არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც მოხდება”-აცხადებს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

ცნობისთვის, ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2020 წლის შემდეგ ვაკანტური იყო და ამ მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.