მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, მოვიცლით ვიფიქროთ ასეთ საკითხებზე - საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე

5ecbe7ed418b5
ელენე გოგბერაშვილი
25.05.20 21:00
1304
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია პირობები, რომელთა დაცვასაც საქართველო გეგმავს. ერთ-ერთი პუნქტი ამ პირობებს შორის “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, ფონდს უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე იქნება შეზღუდული.

“საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

აქედან გამოდინარე ჩვენ დავინტერესდით, რა მიმართულებით საქმიანობს ფონდი და რა ეტაპზეა ფონდის სტრუქტურის ცვლილებაზე მუშაობა, რომელიც წესით როგორც ეკონომიკის მინისტრმა დაანონსა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გამხდარიყო საჯარო.

BMG-ის კითხვაზე საპასუხოდ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა:

„ის ზომები, რაც მოითხოვა სავალუტო ფონდმა, იყო ჩვენი თხოვნით. 4 წელია თითქმის კატეგორიულად ვითხოვ, რომ გარკვეული რეფორმები საპარტნიორო ფონდში ჩატარდეს.. სტრუქტურული რეფორმებს ვგულისხმობ იმ მხრივ, რომ ფონდი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა, დღეს ქვეყანას სხვა გამოწვევები აქვს და ასეთი ტიპის სტრუქტურა ალბათ სწორი იქნება გარკვეულ რეფორმირებას ემსახურებოდეს. ამაში მხარი დაგვიჭირა სავალუტო ფონდმა და მათ გარკვეული ვადაც თქვეს, რომ ამ ვადაში შესრულებულიყო ის ცვლილებები, რომელიც ერთობლივად გვქონდა ჩვენ გააზრებული.

სამწუხაროდ იმ მოვლენებმა, რაც ბოლო პერიოდში დაატყდა მსოფლიოს, გარკვეულად შეაფერხა, თუმცა ამ პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ წილი სახელმწიფო ორგანიზაციებისა ფონდიდან გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში და ეს სწორია. სულ ვაყენებდი საკითხს, რომ ის კომპანიები, რომელსაც ჩვენ არ ვმართავთ და ფორმალურად არიან ისინი ფონდის სარგებლობაში, ეს გარკვეულწილად მძიმე ტვირთად აწვება ფონდს და ხელს უშლის მას განვითარების გარკვეული პერსპექტივების განხორციელებაში. ეს ნაბიჯი გადაიდგა და მეორეს მხრივ ის თემები, როგორი უნდა იყოს ფონდის დებულება, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები დაფინანსების, როგორი უნდა იყოს ფორმა იგივე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და ა.შ

ეს საკითხები ჯერჯერობით არის გადაუწყვეტელი, თუმცაღა გარკვეული მოსაზრებები მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად არსებობს და იმედი მაქვს ალბათ უკვე მოვახერხებთ, მოვიცლით ვიფიქროთ ასეთ საკითხებზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, საპარტნიორო ფონდმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკური განვითარების დიდ საქმეში. დღეს, როცა ვსაუბრობთ გარკვეული ინვესტიციების მოზიდვაზე, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე, ამ შემთხვევაში ე.წ ექვითი კაპიტალი ბიზნესისთვის ჟანგბადივით მნიშვნელოვანია და ეს რესურსი, ფორმა, ამის დიდი გამოცდილება საპარტნიორო ფონდს გააჩნია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ერთ წელზე მეტია, რაც “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა და მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის მთავრობისთვის გადაცემა განიხილება.

კითხვაზე, იმ პირობებში, როცა ფონდს ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული აქვს, იღებენ თუ არა საპარტნიორო ფონდის თანამშრიმლები სახელფასო ანაზღაურებას, საგანელიძე გვპასუხობს:

"გაჩერებულები არცერთი დღე არ ვყოფილვართ. თანამშრომლების გარკველი ნაწილი ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ოფისი ღიაა, თანამშრომლები მუშაობენ. გავაკეთეთ ის, რომ შევამცირეთ ანაზღაურება ზოგიერთ სტრუქტურაში და ძირითად ოფისში და ისეთი სტრუქტურა როგორიცაა ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო, რომელიც 100%-ით საპარტნიორო ფონდის განკარგულებაშია, დროებით დავხურეთ როგორც სხვა სასტუმროები. შესაბამისად შევინარჩუნეთ მთლიანად პოტენციალი და გარკვეულად ხელფასის ცოტა შემცირება გავაკეთეთ, იმის გამო, რომ ადამიანები არ მუშაობენ, სრულ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ივლისიდან ვფიქრობთ, სასტუმროს გავხსნით და ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს“.