მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრს კლინიკების წერილი უსაფუძლოდ მიაჩნია

5ed8b75d6afe0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.20 13:10
1328
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძესთვის 9 კლინიკის მიერ პრემიერისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის და პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი უსაფუძვლოა.

ამის შესახებ მან დღეს წერილთან და 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით BM.GE-ს მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე ვიტყოდი არა ვარაუდით, არამედ მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მათ აქვთ მწირი საფუძვლები და ეს საფუძვლები თითქმის არ გააჩნიათ. ამ 9 კლინიკასთან გვაქვს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი, თითოეულ ექიმთან და როდესაც ისინი ამ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით, ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინსტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ 520-ე და ყველა ის დანარჩენი დადგენილება, რომელიც იგეგმება იყოს ეფექტური, იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქემ უნდა მიიღოს ხარისხიან სერვისებზე წვდომა საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში და ამაზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას არამხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ ჩვენ მნიშვნელოვნად ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორი ხარისხის სერვისი მიეწოდება ჩვენს მოქალაქეს. აქედან გამომდინარე გვაქვს დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი სახის ოპერაციები და რა რაოდენობით ტარდება საქართველოში და ის ბრალდებები, რომელიც ამ წერილში არის წაყენებული სამინისტროს მიმართ, ჩვენთვის არის მიუღებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, გეგმიური ოპერაციებისთვის დადგენილი მოცდის ვადით ისინი მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას არ ზღუდავენ, არამედ უფრო სრულყოფენ. 

„52 000 განაცხადიდან დაფინანსებული, ანუ დასტურია სამინისტროს მხრიდან- 70%-ზე. მაისის თვეში 22 რიცხვიდან, მას შემდეგ რაც მოიხსნა საგანგებო რეჟიმი, დამატებით კიდევ 6 400 განაცხადს მიეცა თანხმობა წერილზე და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ შეუფერხებლად მათთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელიც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. გეგმიური ოპერაცია არის ოპერაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ჯდება გარკვეული დაყოვნების ვადაში, სხვადასხვა ქვეყანაში ეს არის სხვადასხვა დროის მონაკვეთი, თუმცა არც ერთ მათგანში ეს მონაკვეთი არ არის 6 თვეზე დაბალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ევროპული და ამერიკული პრაქტიკა, რომელიც დანერგილია სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგოს საქართველოშიც, აქედან გამომდინარე ის დაყოვნების ვადა რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და არის 4 თვე, ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის არის ნორმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით ვზღუდავთ ხელმისაწვდომობას, პირიქით ჩვენ ვახალისებთ კონსერვატიულ მკურნალობას“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში გადაუდებელი ოპერაციების მაჩვენებელი კრიტიკულია.

„რაც შეეხება იმას, რომ შემცირდა გეგმიური ოპერაციები. საქართველოში არის კრიტიკული რიცხვი გადაუდებელი ოპერაციებისა და ეს რიცხვი არის 80%, აქედან გამომდინარე, როდესაც ისინი ამბობენ, რომ შემცირდა გეგმიური ოპერაციების დაფინანსება ისინი გულისხმობენ 20%-ის დაფინანსებას, რომელიც რეალურად დღეს დასახელებული რიცხვიდან გამომდინარე ნახეთ, რომ არ შემცირებულა და მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ამ პერიოდის სხვა წლების ჭრილში თუ რა რაოდენობის ოპერაციები სრულდებოდა, სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე ის ბრალდებები ჩემთვის არ არის მისაღები“, - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრს კითხვა უჩნდება, რატომ არ უჩნდებათ კითხვა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ხარჯავს სახელმწიფო ხალხის ფულს საყოველთაო ჯანდაცვაზე.

"საქართველოში ჯანდაცვის სექტორი ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უკვე სახელმწიფო გარანტია. ჩემთვის პირიქით ბადებს კითხვას, რომ არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ ჟურნალისტს არ უჩნდება კითხვა იმის თაობაზე თუ რამდენად რაციონალურად ვხარჯავთ ჩვენ ხალხის ფულს და პირიქით ვსვამთ კითხვას იმაზე - რა ბედი ელის ბიზნესს რომელსაც ისედაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში აქვს სახელმწიფოს გარანტია", - კითხულობს მინისტრი.