მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: დღის ბოლომდე covid-პაციენტების საწოლ-ფონდი 2 400-მდე გაიზრდება

5f5f4f57f39c8
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 15:21
1070
"დღის ბოლომდე კოვიდის მიმღები პაციენტების საწოლ-ფონდი 2 400-მდე გაიზრდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი სექტორის მომზადება იყო.

„მოდელი, რომელიც ჰოსპიტალური მართვისთვის პირველი დღიდან გამოვიყენეთ, იყო კოვიდ-კლინიკების და ცხელების ცენტრების მობილიზება, სადაც ხდებოდა ცხელების შეფასება და შემდგომ პაციენტების კოვიდ-კლინიკებში გადაყვანა. ეს მოდელი ისევ ძალაშია. მთავრობის 322-ე დადგენილების პირველი და მეორე დანართით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შეფასებულნი არიან როგორც კოვიდ ან ცხელები კლინიკები.

11 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით მობილიზებულ იქნა 700-მდე საწოლი, ისე რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა. დღის ბოლომდე უკვე მობილიზებულია, რომ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღება განახორციელოს 2 400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში. ანუ განაწილება არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ გვქონდეს თანაბარი გეოგრაფიული მოცვა.

ტრადიციული კლინიკების გარდა პროგრამას შემოუერთდებიან ახალი კლინიკები, ვისაც პაციენტების დიდი ნაკადის მართვა საჭიროების არქონის გამო არ განუხორციელებია, ისინი მიიღებენ რჩევას უკვე გამოცდილი კლინიკებისგან და ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული კლინიკური ჯგუფისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში covid-19-ის 165 შემთხვევა გამოვლინდა.